თბილისი, 20 ივლისი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დედაქალაქის ათივე და დამატებით ექვსი რეგიონული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.
ვაკის ერთმანდატიან ოლქში ადვოკატი შალვა შავგულიძე, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, იყრის კენჭს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი კარბელაშვილს, ეკონომიკის მინისტრის ამჟამინდელ მოადგილეს, დაუპირისპირდება.
მთაწმინდის ოლქში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს მსახიობი ზაზა პაპუაშვილი იყრის, რომელიც, სავარაუდოდ, არჩილ გეგენავას, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დაუპირისპირდება „ნაციონალური მოძრაობიდან“, მართალია, გეგენავა ჯერ მმართველ პარტიას ოფიციალურად არ წარუდგენია, თუმცა მისი საარჩევნო შტაბი უკვე ფუნქციონირებს.საბურთალოს რაიონში კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყრის კენჭს. მისი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობიდან“, სავარაუდოდ, თბილისი მერის მოადგილე, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ანდრია ურუშაძე იქნება, რომელიც, იმის მიუხედავად, რომ მმართველ პარტიას ჯერ არ დაუსახელებია, უკვე მართავს წინასაარჩევნო შეხვედრებს საბურთალოს მოსახლეობასთან.
დიდუბის ოლქში „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რესპუბლიკური პარტიიდან“. მას „ნაციონალური მოძრაობიდან“, სავარაუდოდ, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე დაუპირისპირდება. მმართველი პარტიის სხვა კანდიდატების მსგავსად, ბარამიძე, რომელსაც ოფიციალურად წარდგენის შემდეგ მთავრობის დატოვება მოუწევს, დიდუბელებთან წინასაარჩევნო შეხვედრებს უკვე მართავს.
ნაძალადევის რაიონში „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რანგში იურისტი თეა წულუკიანი წარმოადგენს „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატებიდან“. მისი კონკურენტი მმართველი პარტიიდან, დიდი ალბათობით, მერაბ სამადაშვილი იქნება, რომელიც უკვე მე-13 წელია, განუწყვეტლივ ამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატია (1999 და 2003 წლების არჩევნებში მან „მოქალაქეთა კავშირის“ მხარდაჭერით გაიმარჯვა, ხოლო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყო).
კრწანისში „ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრის სპორტსმენი, ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელი; ისანში – რეჟისორი და „ქართული აკადემიის“ თანადამფუძნებელი ნუკრი ქანთარია; სამგორში – ზურაბ აბაშიძე და ჩუღურეთში - ვიქტორ დოლიძე, თბილისის საკრებულოს და ჩვენი „საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ წევრები; გლდანში, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რაიონია ამომრჩეველთა რაოდენობის კუთხით, „ქართული ოცნების“ სახელით მსახიობი და რეჟისორი, „სახალხო კრების“ წევრი სოსო ჯაჭვლიანი იყრის კენჭს.
ივანიშვილმა დამატებით ექვსი კანდიდატიც წარადგინა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ერთმანდატიან ოლქებში.
საგარეჯოს რაიონში „ქართული ოცნების“ სახელით მაჟორიტარი დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად „რესპუბლიკური პარტიისა“ და თბილისის საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი იბრძოლებს.
სამეგრელოს წალენჯიხის ოლქში წარდგენილია ყოფილი მოსამართლე გიორგი ნაჭყებია; ხოლო მარტვილში – ვეტერანი ფეხბურთელი მურთაზ ხურცილავა; იმერეთის დარჩენილ ოლქებში: ჭიათურაში – ექიმი მალხაზ წერეთელი, რომელიც „რესპუბლიკური პარტიიდან“ ჭიათურის ადგილობრივი საკრებულოს წევრი იყო; ხონში – ინჟინერი, იურისტი ნიკა სანოძე, ამავე ოლქის ყოფილი მაჟორიტარი; ხოლო რაჭაში, ამბროლაურის რაიონში – დავით დარახველიძე, ყოფილი გუბერნატორი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.
ქვეყნის მასშტაბით არსებული 73 ოლქიდან კოალიციას ჯერ კიდევ დარჩა წარსადგენი კანდიდატები ახალქალაქის, ნინოწმინდiს, ზუგდიდის, მარნეულისა და ცაგერის მაჟორიტარულ ოლქებში.