საზოგადოება
თელავში პურის, წყლისა და სანთლის დეფიციტია

1-stiqia-sazog2თბილისი, 20 ივლისი, საქინფორმი. თელავში ამ დროისთვის პურის, წყლისა და სანთლის დეფიციტია, რადგან მთლიანად განადგურებულია ელექტროსადენები და ქალაქი დენის, გაზისა და წყლის გარეშეა დარჩენილი.

თელავის რაიონულ საავადმყოფოს არ გააჩნია ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. ამის გამო რეანიმაციულ განყოფილებაში ავარიის შედეგად დაზარალებულ მამაკაცს მხოლოდ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ საჭირო პირობების უქონლობის გამო ის გურჯაანის საავადმყოფოში რეანიმობილით გადაიყვანეს.

სპეციალისტების განცხადებით, საბედნიეროდ, სტიქია ღამით მძვინვარებდა; დღისით ასეთი შემთხვევა უმსხვერპლოდ არ დამთავრდებოდა. საავადმყოფოს მედპერსონალის თქმით, ღამით სანთლის შუქზე მოუწევთ მორიგეობა.

სტიქიის გამო კახეთის 30-მდე სოფელში 11 600 ჰექტარზე მოსავლის 80-100% განადგურებულია.

ამასთან, თელავში ყველა სახელმწიფო დაწესებულება და საავადმყოფო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. გახსნილია ყველა აფთიაქი და სასურსათო მაღაზია, გარდა ელექტროსაქონლის მაღაზიებისა, სადაც წყლის შევარდნის შედეგად ტექნიკა დაზიანდა.

მოსახლეობა პანიკას არ მოუცავს, თუმცა ადგილობრივები სინოპტიკოსების მიერ  გამოცხადებული მოსალოდნელი წვიმის გამო სერიოზულად არიან შეშფოთებულნი.