თბილისი, 20 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო ვერ ჩაერევა მაუწყებელთა სავალდებულო ტრანზიტის „must carry“-ს პრინციპის წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ გახანგრძლივების საკითხში. ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ გააკეთა საქართველოში აკრედიტებული ელჩების მუშა ჯგუფის მოწოდების საპასუხოდ.
როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, ელჩების მუშა ჯგუფი მიესალმა „must carry“-თან დაკავშირებით კანონმდებლობაში დანერგილ უაღრესად პოზიტიურ ინიციატივას ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილის უფრო მრავალფეროვანი სახის საინფორმაციო წყაროებით უზრუნველყოფის კუთხით.ეს პრინციპი, კანონის თანახმად, რომელსაც პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ მოაწერა ხელი, წინასაარჩევნო პერიოდში – არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე – იმოქმედებს.
„ჩვენ, აგრეთვე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კვლავაც განიხილოს „must carry“-სა და „must-offer“-ის ვალდებულების გავრცელების შესაძლებლობა არჩევნების დღის შემდგომი პერიოდისათვის“, – ნათქვამია ელჩების განცხადებაში.
ამ მოწოდების საპასუხოდ დავით ბაქრაძემ იგივე პოზიცია დააფიქსირა, რის შესახებაც მან ივნისის ბოლოს კანონის მიღებისას ისაუბრა.
„სახელმწიფო მუდმივად ვერ ჩაერევა კერძო ბიზნესის საკითხში, – განაცხადა მან. – ჩვენ გვაქვს პერიოდი, როდესაც სახელმწიფო შესაძლებლად მიიჩნევს, რომ გამომდინარე დემოკრატიის ინტერესიდან ჩაერთოს – ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი, ამიტომ წინასაარჩევნო პერიოდში მათ (საკაბელო ოპერატორებსა და ტელევიზიებს, – საქინფრომი) აქვთ ვალდებულება, რომ ეს (სავალდებულო ტრანზიტი, – საქინფორმი) გააკეთონ. რაც შეეხება ნებისმიერ დანარჩენ პერიოდს, ეს არის ნებაყოფლობითი“.
„და ისევ ვიმეორებ: ჩვენ ხელს შევუწყობთ და წავახალისებთ ყველა საკაბელო მაუწყებელს და ყველა სატელევიზიო არხს, რომელიც გააგრძელებს იმ თანამშრომლობას, რომელიც ჩამოყალიბდება ამ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„ამიტომ მე არ ველოდები, რომ ყველა ის შეთანხმება, რომელიც მიღწეული იქნება წინასაარჩევნო პერიოდში, ერთ დღეში დაირღვევა“, – დასძინა მან.