თბილისი, 20 ივლისი, საქინფორმი. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული ფრანგული კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც მას კონსულტაციებს უწევენ უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს. განცხადება პრესკონფერენციაზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
მისი თქმით, კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიან და ბიძინა ივანიშვილს კონსულტაციებს უწევენ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს საფრანგეთში.ფანჯიკიძე ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა ორი კვირის წინაც, როდესაც თბილისში ჩამოვიდა კომპანიის დირექტორი და მფლობელი, და აი, ახლაც, როდესაც ფრანგული კომპანიის ტექნიკური დირექტორი საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს.
ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ტექნიკურ დირექტორს ურჩიეს, პრეტენზიები საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთვის წაეყენებინა.
„ქართულ ოცნებას“ მიაჩნია, რომ ევროკავშრის მოქალაქეების დეპორტირების გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს. ამიტომ აღნიშნულთან დაკავშირებით კოალიცია მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს და სთხოვს ახსნა-განმარტებებს, რის საფუძველზე ხდება ევროკავშირის მოქალაქეების საქართველოდან დეპორტაცია.
აღსანიშნავია, რომ მაია ფანჯიკიძე არც ფრანგული კომპანიის სახელს და არც აღნიშნული პირების ვინაობას ამხელს.