სამართალი
საია „ქართული ოცნების“ სამი დაკავებული წევრის სისხლისსამართლებრივი დევნის წინააღმდეგია

1-saia-samarTali1თბილისი, 19 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ დაკავებული სამი წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი გამოძიების შეწყვეტას ითხოვს და მათი საქმის ადმინისტრაციული წესით განხილვისკენ მოუწოდებს.

როგორც იტყობინებოდა საქინფორმი,კონსერვატიული პარტიის ერთ წევრს და ეროვნული ფორუმის ორ წარმომადგენელს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. კოალიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ეს დაკავება პოლიტიკურ დევნად შეაფასეს, განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

კოალიციის სამივე წარმომადგენელი პოლიციამ 16 ივლისს დააკავა და მათ პარტიების შესახებ კანონით დადგენილი შეზღუდვისათვის თავის არიდების მიზნით თვალთმაქცური გარიგების დადებისათვის ბრალი სისხლის სამართლის იმ მუხლით წაუყენა, რომელიც მოსყიდვას ეხება და მაქსიმალურ სასჯელად სამი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სამივე აქტივისტმა რამდენიმე პირს საერთო ჯამში 8 750 ლარი გადასცა, რომელთაც შემდეგ ეს თანხა კონსერვატიული პარტიისა“ და ეროვნული ფორუმის ანგარიშებზე გადარიცხეს საწევრო შენატანის სახით.

საიას თქმით, გამოძიების ხელთარსებული მასალები არავითარ შემთხვევაში ამომრჩევლის მოსყიდვაზე არ მიუთითებს, არამედ მხოლოდ უკანონო საწევრო შენატანებზე ან უკანონო შემოწირულობებზე, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ისჯება როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გარიგების ღირებულების ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმების გზით.

სრულიად შეუსაბამო, არაპროპორცული და უკანონოა დაკავებულ პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მსჯელობა, ვინაიდან სახეზე არ არის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება. აღნიშნული კი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, გამოძიების/სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველია“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საია ამგვარი საქმეების სისხლის სამართლის კონტექსტში გადატანის ტენდენციას „შემაშფოთებელს“ უწოდებს.

ორგანიზაციამ იმ ფარულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც შსს-მ საქმეზე გამოაქვეყნა, ასევე, მოუწოდა პოლიციას, რომ ოპერატიული ვიდეომასალების მოპოვებისას დაიცვას გონივრული ზღვარი, რათა გამოირიცხოს დანაშაულის პროვოცირების ნიშნების არსებობა.