აქტუალური
იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობისათვის

1-iuridiuli-aqtualuri3თბილისი, 19 ივლისი, საქინფორმი. დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია იმართება საყოველთაო და ხელმისაწვდომი იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის საკითხებზე. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: UNDP, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო და USAID აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

კონფერენციის ორგანიზატორთა განცხადებით, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმსჯელებენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან არსებული იურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაზრდის მექანიზმებზე.

მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე გიორგი არსოშვილი.

„იურიდიული დახმარების სამსახურის დაარსება საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ნაწილია. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2004 წლიდან უჭერდა მხარს რეფორმის განხორციელებას და მჭიდროდ თანამშრომლობდა სასამართლო სისტემასთან, სახალხო დამცველსა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან.

იურიდიული დახმარების სამსახური 2007 წელს შეიქმნა. მისი მიზანია უფასო იურიდიული კონსულტაციისა და ადვოკატის მომსახურების უზრუნველყოფა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის.

დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იურიდიული დახმარების 11 ბიურო და 3 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დევნილთა, ეკონომიკურად დაუცველთა და ეროვნულ უმცირესობათა მომსახურებას“, – ნათქვამია გაეროს განვითარების პროგრამის განცხადებაში.