საზოგადოება
სანქციები მიკროავტობუსების მძღოლთათვის გამორთული კონდიციონერების გამო
1-kondic-sazogadoeba3თბილისი, 19 ივლისი, საქინფორმი. მიკროავტობუსების მძღოლები, რომელთაც კონდიცირების სისტემა გამორთული ჰქონდათ, ათი დღით აღარ იმუშავებენ.
შესაბამისი სანქცია მძღოლებს „თბილისის მიკროავტობუსმა“ დააკისრა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება სპეციალური მონიტორინგის შემდეგ მიიღო.
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „თბილისის მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის მიკროავტობუსი 1 ივლისიდან, მგზავრთა კომფორტულად გადაადგილების მიზნით, აქტიურად ახორციელებს სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების სისტემის გამართულ მუშაობაზე მონიტორინგს. ყოველდღიურად მოწმდება ქალაქში არსებული თითოეული სამარშრუტო ტაქსი. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც მძღოლები, კომპანიის გაფრთხილების მიუხედავად, თვითნებურად არ რთავენ კონდიცირების სისტემას, რაც მგზავრების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.
კომპანიის ხელმძღვანელობა პირადად აკონტროლებდა მანქანებში კონდიცირების სისტემის გამართულად მუშაობას. გარკვეულ ხაზებზე აღმოჩენილი იქნა დარღვევები და, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა ის მძღოლი (ამ ეტაპზე ასეთი არის 42 მძღოლი), რომლებიც არ ემორჩილებიან შინაგანაწესს და არღვევენ კომპანიის მოთხოვნას, 10 დღის განმავლობაში აღარ იმუშავებს ყვითელ მიკროავტობუსზე. ხოლო თუ შემდეგ კვლავ განმეორდება მსგავსი სახის დარღვევა, კომპანიის მიერ გაგრძელდება სხვადასხვა სახის სანქციები, მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტა და ა.შ.
აღნიშნული ინფორმაცია „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელმა პირადად გააცნო მძღოლებს და თხოვნით მიმართა, შეასრულონ ყველა ის ვალდებულება, რაც მგზავრების კომფორტულად გადაადგილებისთვის არის საჭირო“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.