თბილისი, 19 ივლისი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც საქართველომ „პუტინის რეჟიმის“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების დამორჩილების კიდევ ერთ მცდელობად შეაფასა რუსეთში მიღებული კანონპროექტი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოურ აგენტებად მოიხსენიებს, რუსეთმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „სააკაშვილის რეჟიმის პრეტენზიები – საერთაშორისო მენტორის როლი შეასრულოს ადამიანის უფლებათა საკითხებში, უბრალოდ, სასაცილოა“.
18 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ აშშ-ის მცდელობის შემდეგ – ჩარეულიყო რუსეთის სუვერენულ საკანონმდებლო პროცესში, საქართველომაც გადაწყვიტა, „საკუთარი ხუთი კაპიკი“ შეეტანა რუსეთში დემოკრატიის გადარჩენის საქმეში.„ვურჩევთ ოფიციალურ თბილისს, პირველ რიგში, შეწყვიტოს საქართველოში არსებული სიტუაციის თაობაზე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების პრეტენზიების იგნორირება, – ნათქვამია განცხადებაში. – მსოფლიოში დემოკრატიის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ უმჯობესია, ხელი მოჰკიდოს იმ სერიოზული პრობლემების მოგვარებას, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დემოკრატიული თავისუფლებების, ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა დაცვას ეხება. გაეროს საბჭომ ადამიანის უფლებათა საკითხებში, ევროპის საბჭომ და სხვა უფლებადამცველმა სტრუქტურებმა არაერთხელ მიუთითეს ამის თაობაზე“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 16 ივლისს, რომ კანონი და მისი დასახელება „სრულად ასახავს რუსეთის ამჟამინდელი მმართველი ელიტის წარმოდგენას იმ უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც, ასე თუ ისე, ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვას“.
სამინისტრომ, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობისთვის თვით სიტყვა „აგენტი“ განუყოფლად ასოცირდება უცხო ქვეყნის ჯაშუშთან და, შესაბამისად, მტერთან. ტერმინის – „არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს უცხოური აგენტის ფუნქციას“ – გამოყენება მიზნად ისახავს მოსახლეობაში არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი უნდობლობისა და უარყოფითი დამოკიდებულების გაღვივებას“.
„აღნიშნული ცვლილებების პაკეტი არის გაგრძელება პუტინის რეჟიმის პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების საბოლოო დამორჩილებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის ადამიანის უფლებების მასობრივი და უხეში დარღვევების დამალვისაკენ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.