პოლიტიკა
თურქეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოშია

1-SaSk-politika3თბილისი, 19 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი  თბილისში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფ მის თურქ კოლეგას ისმეთ ილმაზს შეხვდა.

„პირისპირ  შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები – განსაკუთრებით, სამხედრო განათლების კუთხით და ავღანეთში „ISAF“-ის მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის საკითხები განიხილეს“, – იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე მოგვიანებით გაფართოებული შეხვედრის ფორმატშიც იმსჯელეს.

დიმიტრი შაშკინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს ვიზიტი ურთიერთობებში ახალ პერსპექტივებს გახსნის.

„თურქეთი არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი. ის სერიოზულად, ძალიან მნიშვნელოვნად ეხმარება ჩვენი ჯარის განვითარებას როგორც სწავლების კუთხით, ისე ჩვენი მთავარი პრინციპიდან გამომდინარე, რომელიც ეხება ტოტალურ თავდაცვას“, – აღნიშნა მან.