თბილისი, 18 ივლისი, საქინფორმი. საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი ნიკო დადიანი ზუგდიდიდან გვატყობინებს:
„ნორიოს ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სტიქაროსანი, 21 წლის ვეფხია სომხიშვილი ზღვაში დაიხრჩო. ტაძრის მრევლი ვლაქერნობის დღესასწაულზე ზუგდიდში მოსალოცავად იყო ჩასული, რის შემდეგაც განახლებული ანაკლიის ნახვა გადაწყვიტა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ვეფხია სომხიშვილი შავი ზღვისა და მდინარე ენგურის შესართავში შევიდა, სადაც წყალი არცთუ ისე ღრმა იყო, თუმცა შველას ითხოვდა. მის საშველად ზღვაში ადგილობრივები შევიდნენ, მაგრამ სომხიშვილი უკვე არსად ჩანდა.აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილზე ცურვა სახიფათოა, თუმცა იქ რაიმე გამაფრთხილებელი აბრა არ არის გაკრული. ხელისუფლების მეირ მრავალგზის გაპიარებული განახლებული ანაკლიის სანაპიროზე არც სამაშველო ჯგუფი ფუნქციონირებს.
შემთხვევვის ადგილზე ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა, თუმცა სომხიშვილის მოძებნა ვერ მოხერხდა.
სამძებრო სამუშაოები, რომლებშიც ადგილობრივი პოლიციაც ჩაერთო, დილის 5 საათზე განახლდა. ძებნამ შედეგი ვერც მეორე დღეს გამოიღო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ზღვამ ვეფხიას ცხედარი განმუხურის სანაპიროზე გამორიყა.
ამ დროისთვის ვეფხია სომხიშვილი საკუთარ სახლშია გადასვენებული.
მისი ახლობლები ხელისუფლებას მიმართავენ თხოვნით, ამ უბედური შემთხვევის შემდეგ მაინც გააკეთოს გამაფრთხილებელი აბრები, რათა მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს“.
ნიკო დადიანი
საქინფორმი