თბილისი, 18 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, მათი უწყება ყველა პარტიის ფინანსურ საქმიანობას სწავლობს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორთა ხელფასების საქმესაც.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ფატი მამიაშვილმა განაცხადა, მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათი უწყება კოორდინატორთა ხელფასების თემაზე განმარტებას არ აკეთებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.„უბრალოდ, იმ მასალაში კომენტარს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნატო ზაალიშვილი აკეთებს, რომელმაც განცხადება თავისი კომპეტენციის საზღვრებიდან გამომდინარე გააკეთა. კოორდინატორთა ხელფასების შესწავლის საქმე კი, სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის, ნათია მოგელაძის, პრეროგატივაა და ზაალიშვილი მის ნაცვლად ამ თემაზე ვერ დაკონკრეტდებოდა. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენი უწყება ყველა პარტიის ფინანსურ საქმიანობას სწავლობს, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ და კოორდინატორების ხელფასების საქმესაც, მაგრამ ანგარიშებს მხოლოდ მაშინ ვაქვეყნებთ, როცა აუდიტორული შემოწმება სრულდება. შესაბამისად, ამ კონკრეტულ საკითხზეც მონიტორინგის დასრულებამდე განმარტების გაკეთება მიზანშეწონილი არ იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ფატი მამიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 13 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უბნის კოორდინატორებისთვის ხელფასების გადახდა უარყო და განაცხადა, რომ კოორდინატორები ამ სამუშაოს ასრულებენ როგორც მოხალისეები, სამსახურისაგან თავისუფალ დროს და არასდროს აუღიათ ამისათვის გასამრჯელო.