სამართალი
თბილისი, 17 ივლისი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერ მანანა კობახიძის შეფასებით, გორში არსებული დაშინებების გამო აქციაზე 30-ის ნაცვლად, 15 ათასი ადამიანი მივიდა.
„მე ვფიქრობ, გორის აქციაზე, დაახლოებით, 15 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი, რადგან მოსულები საკმაოდ მჭიდროდ იდგნენ. აქ შიდა ქართლის ყველა რაიონი საკმაოდ კარგად იყო მობილიზებული, იყო ძალიან ოპტიმისტური და იმედიანი განწყობა. როცა აქცია დასრულდა, ქუჩაში სრულიად უცნობები გვხვდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ შემოდგომაზე ჩვენი იმედი აქვთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ იქ არსებული დაშინებების ფონზე, გორმა თავისი სათქმელი მაინც თქვა. „ალბათ, კარალეთსა და მერეთში მომხდარმა იმოქმედა, რომ გაცილებით მეტი ადამიანი არ მოვიდა, მაგრამ შიში მაინც დაძლეულია. აქციაზე ხალხი მოვიდა და ამით გორმა თავისი სათქმელი თქვა. დღეს დამტკიცდა, რომ ბასიშვილის ბრძანებები დღევანდელი აქციის ჩაშლასთან დაკავშირებით არ სრულდება. დევნილებს აშინებდნენ, რომ აქციაზე წასვლის შემთხვევაში სამსახურებიდან დაითხოვდნენ და ეს იყო ალბათ მიზეზი იმისა, რომ 30 ათასი ადამიანი არ მოვიდა. საქართველოში აღარ განმეორდება ის, რაც კარალეთში მოხდა, რადგან ჩვენ ვართ კოალიცია, რომელიც სამართლის ნორმებშია ჩასმული და მშვიდობიანად ვმოქმედებთ“, – აღნიშნა კობახიძემ.