თბილისი, 17 ივლისი, საქინფორმი. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ქცევის წესები პარტიებს შორის დიალოგის გზით შეთანხმების საგანი უნდა გახდეს და მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმების პრინციპები არ იყოს ნაკარნახევი მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან. ამის შესახებ აცხადებენ კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები.
ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა ქცევის წესების შესახებ მის მიერ შემუშავებული ოთხპუნქტიანი დეკლარაცია და პარტიებს ხელმოწერისკენ მოუწოდა.„ხელისუფლება, რომელიც პუნქტებად აყალიბებს იმ დებულებებს, რომლებზეც, მისი აზრით, საჭიროა შეთანხმება, თავად არღვევს ამ დებულების თითქმის ყველა პუნქტს. ამიტომ მისი მხრიდან ამ ინიციატივით გამოსვლა რაღაცნაირად ბადებს ეჭვს, რომ მათ სწორედ ასეთი შეთანხმების ჩაშლა უნდათ“, – განაცხადა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ორშაბათს და დასძინა, რომ ეს არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა, არამედ ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი მუშაობდნენ.
მისი თქმით, კოალიციისთვის მიუღებელია დოკუმენტზე ხელმოწერა იმ ფორმით, როგორც ეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარმოადგინა, თუმცა მხარს უჭერს იდეას პარტიებს შორის ქცევის წესებზე შეთანხმების საჭიროებაზე და მონაწილეობას მიიღებს ამ პროცესში, თუ მასში აქტიურად ჩაერთვება სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები.
„ქრისტიან-დემოკრატები“, „ახალი მემარჯვენეები“ და „ეროვნულ-დემოკრატები“ მიესალმნენ მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ ინიციატივას.
16 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთავაზებული პრინციპები არ არის საკმარისი პროცესის რეალური გაჯანსაღებისათვის და სანაცვლოდ პოლიტიკურ პარტიებს შესათანხმებელ საკითხთა უფრო ფართო ნუსხა შესთავაზეს.
კერძოდ, პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ცხრა პუნქტს შორისაა, რომ მათ არ დაუშვან საკუთარ მომხრეთა მხრიდან აგრესიული და დესტრუქციული ქმედებების განხორციელება ან წახალისება; უზრუნველყონ საზოგადოებისა და შესაბამისი სამსახურების წინასწარი ინფორმირება მათ მიერ დაგეგმილი პარტიული ღონისძიებების თაობაზე; არ დაუშვან მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევა და მათი დისკრედიტაციის მცდელობა; არ განახორციელონ ამომრჩევლის მოსყიდვა და ამ კუთხით დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები; არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მათ შორის, საბიუჯეტო რესურსების, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების; ხელი შეუწყონ მაღალი პოლიტიკური კულტურის დანერგვას თემატურ პოლიტიკურ დებატებზე მაქსიმალური აქცენტირებით და ამით მისცენ საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა; არ დაუშვან ძალადობისა და აგრესიის წახალისება არჩევნების დღეს, მათ შორის, მომხრეების წინასწარი მობილიზების გზით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გარკვეული უწესრიგობა და დესტაბილიზაცია არჩევნების დღეს; უზრუნველყონ საკუთარ ღონისძიებებზე ყველა მედია საშუალებისთვის თანაბარი სამუშაო პირობები, არ დაუშვან ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები; არ დაუშვან მედიასაშუალებების ბოროტად გამოყენება კამპანიის მიზნებისთვის ან საზოგადოების დეზინფორმირებისთვის, ხელი შეუწყონ მედიასაშუალებებს შორის არსებული დაპირისპირებისა და დაძაბულობის განმუხტვას.
სახელმწიფო უწყებებისთვის დამატებით შეთავაზებულ რვა პუნქტში „ეს შენ გეხება“ მიიჩნევს, რომ შეთანხმების საგანი უნდა გახდეს პრინციპები, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა იმოქმედონ მხოლოდ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით; უზრუნველყონ თანაბარი და სამართლიანი მიდგომა სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის მიმართ; არ დაუშვან შერჩევითი მართლმსაჯულება ან დისკრიმინაციული მიდგომა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უზრუნველყოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების ისე განხორციელება, რომელიც დისკრიმინაციულად არ შეზღუდავს ცალკეული პოლიტიკური პარტიის ფინანსურ საქმიანობას; სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა და საგამოძიებო ორგანოებმა მეტი აქცენტი გააკეთონ დარღვევების პრევენციაზე, ვიდრე დამრღვევთა დასჯაზე; სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მათ შორის, წინასწარი კონსულტაციების გზით, პარტიებს ხელი შეუწყოს კანონის შესრულებაში, განსაკუთრებით, დაფინანსების მიღების კუთხით; არ დაუშვან ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მცდელობები და უზრუნველყონ ყველა რეგისტრირებული მედიასაშუალების წარმომადგენლებისათვის საქმიანობის თანაბარი პირობები; ყველა შესაძლო და კანონიერი ფორმით უზრუნველყონ საზოგადოებისთვის მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც, ასევე, გულისხმობს არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში სხვადასხვა ტელეარხის შეუზღუდავად მიწოდებას.
„ეს შენ გეხება“ მზადყოფნას გამოთქვამს, ამ საკითხებზე პარტიათა შორის დიალოგის წარმართვას ხელი შეუწყოს, რათა შეთანხმების მიღწევა მოხდეს დროულად და მხარეების მაქსიმალური ჩართულობით.
„საარჩევნო გარემოს კუთხით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა ბოლო პერიოდში შემაშფოთებელი ხასიათი მიიღო, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესების მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვას. არსებული დაძაბულობის განმუხტვასა და პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბებაზე შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ისე პოლიტიკურ პარტიებს, – ნათქვამია კამპანიის განცხადებაში. – აუცილებლად მიგვაჩნია გარკვეული შეთანხმების მიღწევა პოლიტიკურ პარტიებს შორის იმისათვის, რომ წარიმართოს სამართლიანი, კონკურენტული და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესი“.