საზოგადოება
პოლისები პენსიასთან ერთად გაიცემა – „ლიბერთი ბანკი“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა

1-polisebi-sazogadoeba3თბილისი, 17 ივლისი, საქინფორმი. „ლიბერთი ბანკი“ ამ დღეებში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს.

ბანკის ფილიალებთან რიგები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევის პოლისების დარიგების დაწყებამ გამოიწვია.

რიგების შესამცირებლად, ყველა ოფისი და სერვისცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშაობის საათებს გაახანგრძლივებს. ბანკები მომხმარებლებს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე მოემსახურება.

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის ზურაბ წულაიას განცხადებით, ბანკში მობილიზაციაა გამოცხადებული.

ცნობისათვის: ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები ძალაში 1 სექტემბრიდან შევა. პოლისები საერთო ჯამში მილიონზე მეტ მოქალაქეს დაურიგდება. საპენსიო ასაკის მოსახლეობას, ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს პოლისები ლიბერთი ბანკის საშუალებით, პენსიასთან ერთად გადაეცემათ.

სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის ფარგლებში მოქალაქეებს სასწრაფო დახმარების, ექიმთან კონსულტაციის, ამბოლატორიული მკურნალობის, დიაგნოსტიკური გამოკვლევების, გეგმური და გადაუდებელი ოპერაციების, ასევე, სხვა ჰოსპიტალური მომსახურების ხარჯები აუნაზღაურდებათ.

სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის სახელმწიფო დაზღვევით 900 ათასამდე მოქალაქე სარგებლობს. 1 სექტემბრიდან საქართველოში 2,4 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეორე მოქალაქე იქნება დაზღვეული.