საზოგადოება
NDI: მმართველი პარტია ლიდერობს, „ქართული ოცნების“ რეიტინგი კი იზრდება

1-NDI-sazog1თბილისი, 17 ივლისი, საქინფორმი. 16 ივლისს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, რომელიც აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ  წინ უსწრებს  ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციურ კოალიცია „ქართულ ოცნებას“, თუმცა ამ უკანასკნელის რეიტინგი თებერვლის შემდეგ 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო მმართველი პარტიის – 11 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ივნისში ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ გამოკითხულთა 36%-მა, ვინც აცხადებს, რომ მიიღებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, ამბობს, რომ, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემს ხმას; შემდეგ მოდის ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია 18%-ით.

კვლევის თანახმად, ვერცერთმა სხვა პარტიამ 5%-იანი საპარლამენტო ბარიერი ვერ გადალახა. ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 6 299 რესპონდენტი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს გზით, ცდომილების ზღვარი ამ შემთხვევაში +/-2 პროცენტია.

„ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“, რომელმაც გასულ კვირას საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო, კვლევის თანახმად, მხოლოდ 3% მიიღო.

იმავე კვლევის მიხედვით, 22%-ს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, თუ ვის მისცემს ხმას – ეს თითქმის იგივე რაოდენობაა, რაც თებერვალში იყო და 16%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, ნაცვლად თებერვალში დაფიქსირებული 10%-სა, ხოლო 4%-მა განაცხადა, რომ არცერთ პარტიას არ მისცემს ხმას. 1% აცხადებს, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიას მისცემს ხმას.

ახალი კვლევა რამდენიმე კვირით უსწრებდა წინ მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს და ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენა იქონია მან პოლიტიკურ რეიტინგებზე.