სამართალი
„რუსეთში ქართველთა კავშირმა“ კრიმსკში დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინა

1-dapatimreba-mtთბილისი, 16 ივლისი, საქინფორმი. „რუსეთში ქართველთა კავშირის“ წარმომადგენლებმა  მონაწილეობა მიიღეს კრასნოდარის მხარეში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებაში. სახლ-კარისა და ნივთების გარეშე დარჩენილ მოსახლეობას გადასცეს ტანსაცმელი, საბნები, თეთრეულის კომპლექტები, შამპუნები, საცვლები, წინდები, პამპერსები. ნივთების ძირითადი ნაწილი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. მათ ახლა ყველა მეტად სჭირდებათ მთელი მსოფლიოს დახმარება და მზრუნველობა.

კრასნოდარის მხარეში მომხდარმა ტრაგედიამ შეგვძრა, – უთხრა პრესსამსახურის წარმომადგენლებს „რუსეთში ქართველთა კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნონა მატუამ, – რუსეთში ქართველთა კავშირის მთელი ახალგაზრდობა და უფროსი თაობის წარმომადგენლები, განსაკუთრებით, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულები, გამოვიდნენ წინადადებით, დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარება აღმოგვეჩინა. უკვე დავიწყეთ ნივთების შეგროვება, როდესაც მოსკოვის ეროვნებათა სახლიდან დაგვირეკეს და დღევანდელ კეთილშობილურ აქციაში მონაწილეობა შემოგვთავაზეს. რა თქმა უნდა, სიხარულით დავთანხმდით და, მოსკოვის სხვა ეროვნულ ორგანიზაციებთან ერთად, შეგროვილი ნივთები ეროვნებათა სახლში მივიტანეთ, რომელიც ამ საშინელი ტრაგედიის მომენტისათვის შესაკრებ პუნქტად გადაიქცა. ქართველმა ხალხმა, რომელსაც არაერთი ომი გადაუტანია, კარგად იცის, რას ნიშნავს უბედურება და უსახლკაროდ დარჩენა. ღმერთმა ქნას, ყველა დაზარალებული მალე მოვიდეს გონს, სიმშვიდე მოიპოვოს და თავშესაფარი ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისის ღამეს კრასნოდარის მხარეში წყალდიდობა მოხდა, რომელსაც ნგრევა მოჰყვა. ყველაზე მეტად ქალაქი კრიმსკი დაზარალდა – დაზიანდა 4 ათასზე მეტი სახლი, 12 სოციალური ობიექტი – სკოლები, საბავშვო ბაღები, ორი სამედიცინო საწყობი. დაზარალებულია 24 ათასზე მეტი ადამიანი, მსხვერპლის რაოდენობა 2012 წლის 8 ივლისის მონაცემებით 171-ს შეადგენს.

1-dapatimreba-qve1 1-dapatimreba-qve2