საზოგადოება
ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონის“ გამგეობის განცხადება

1-antena-saz3თბილისი, 16 ივლისი, საქინფორმი. როგორც ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონის“ გამგეობა საქინფორმს აცნობებს, ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივი აზრის იგნორირების მიზნით დაწყებული  ძალადობრივი ქმედებები გრძელდება. ასეთმა ფაქტებმა განსაკუთრებული მასშტაბები წინასაარჩევნო პერიოდში, „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლისას  შეიძინა. თავისუფალ მედიაზე ზეწოლისა და საინფორმაციო გადაცემების ტრანსლირების ხელის შეშლისა და მოსახლეობისთვის სიმართლის დამალვის მიზნით, ხელისუფლებამ ჯერ – „გლობალის“, ახლა კი დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენები დააყადაღა. პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან გაკეთებული ცინიკური განცხადებით, არგუმენტად  „მაესტროს“ მხრიდან „ამომრჩევლის მოსყიდვა და თვალთმაქცობა“ დასახელდა. დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მაესტრო“ არც საარჩევნო სუბიექტს და არც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ან ამ პოლიტიკური პარტიის წევრს არ წარმოადგენს. არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრია „მაესტროს“ წილის მფლობელი. შესაბამისად, ამომრჩევლის მოსყიდვასა და თვალთმაქცობაში „მაესტროს“ დადანაშაულება ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის, დამოუკიდებელი ტელეკომპანიისთვის საქმიანობის ხელის შეშლისა და თავისუფალი აზრის გავრცელების შეზღუდვას წარმოადგენს. ხელისუფლებას დაქვემდებარებული პროკურატურის უწყება არა „თემიდასა“ და სამართალს, არამედ მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფის, კერძოდ, მმართველი პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ემსახურება. მედიის საქმიანობისთვის, თავისუფალი სიტყვისა და ინფორმაციის გავრცელებისთვის გამიზნული ხელის შეშლა, ტოტალიტარული მმართველობისა და დიქტატორული რეჟიმისთვის არის დამახასიათებელი.  საკუთარი მოქალაქეებისადმი ამგვარი დამოკიდებულება  ზღუდავს როგორც საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ „ადამიანის უფლებათა დაცვის“,  ისე კერძო ტელეკომპანიის საქმიანობაში ჩაურევლობის პრინციპებსაც. „მაესტროს“ არხზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის საეთერო დროის პარიტეტეული პრინციპებით დათმობაც (განსხავავებით სახელისუფლებო არხებისგან) მხოლოდ ტელეკომპანიის ობიექტურობაზე მიუთითებს.  „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღების ვანდალური და უსამართლო ფორმა კი იმის დასტურია,  რომ ხელისუფლებისთვის მიუღებელი და დაუშვებელია „განსაკუთრებულ საინფორმაციო ვაკუუმში“ მყოფი რეგიონების მოსახლეობისთვის მედიასივრცის მეშვეობით ობიექტური ინფორმაციისა და ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრის გაშუქება.

გამომდინარე აქედან, ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონი“ ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების  წინასაარჩევნო პერიოდში უსამართლოდ დაყადაღებით ხელისუფლება კვლავაც აგრძელებს მისთვის ჩვეული ხერხებით მოქმედებას – საინფორმაციო და მედიასივრცის მონოპოლიზებას, რითაც კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ  „დასავლეთის მაღალი ტრიბუნებიდან“ პლურალიზმზე, „მედიის თავისუფლებასა“ და „ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე“ მმართველი ჯგუფის ყველანაირი  საუბარი სწორედ  თვალთმაქცობა,  სიცრუე და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ქვეყანაში დაწყებული პროცესისთვის გამიზნული ხელის შეშლაა“.