თბილისი, 16 ივლისი, საქინფორმი. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნოდ ქცევის 4-პუნქტიანი წესები შეიმუშავა. მმართველმა გუნდმა აღნიშნული დოკუმენტი ხელმოსაწერად ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა. დოკუმენტის ტექსტი ასეთია:
ვაცნობიერებთ რა საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვისათვის ძირითად საკითხებზე შეთანხმების აუცილებლობას, ვაწერთ ხელს წინამდებარე დეკლარაციას და საჯაროდ ვაცხადებთ:
1. უარს ვამბობთ ძალადობაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, სხვა პარტიის კამპანიისა და აქციების ხელის შეშლაზე, მათ შორის, საკუთარი აქტივისტების მობილიზაციითა და პარალელური აქციების დაგეგმვით. უარს ვამბობთ აგრესიაზე ამომრჩეველთან შეხვედრისა და კომუნიკაციისას. უარს ვამბობთ ძალადობისკენ მოწოდებაზე და სიძულვილის ენის გამოყენებაზე უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებზე. მზად ვართ, ვაწარმოოთ საგნობრივ დისკუსიაზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია;
2. უარს ვამბობთ ამომრჩევლის მოსყიდვაზე;
3. მზად ვართ, განუხრელად დავიცვათ ცესკოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით;
4. ვიღებთ პასუხისმგებლობას, ცესკოს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაქარია ქუცნაშვილის, განცხადებით, კოალიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კამპანიის უზრუნველსაყოფად პოლიტიკური პარტიებისთვის ერთობლივ დეკლარაციაზე ხელის მოწერას გეგმავს, მაგრამ მანამდე მთელი რიგი დაზუსტებების შეტანის აუცილებლობაზე საუბრობს.