თბილისი, 16 ივლისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქართველებისა და ოსების ურთიერთობის აღდგენას სახალხო დიპლომატიითა და ერგნეთის ბაზრობის გახსნით გეგმავს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა გორში აქციაზე განაცხადა, ქართველებმა და ოსებმა ურთიერთობა აუცილებლად უნდა მოაგვარონ, ამისთვის კი საჭიროა ერგნეთის ბაზრობის აღდგენა. მისი თქმით, ერგნეთის ბაზრობა იყო ადგილი, სადაც ქართველები და ოსები ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ და საერთო ბიზნესში იყვნენ ჩართული.„მაშინ ქართველება და ოსებმა აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთი ძალიან სჭირდებოდათ. ხელისუფლებას კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება რომ ნდომებოდა, ერგნეთის ბაზრობას არ დახურავდა“, – ამბობს ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არავის მოეთხოვება ხელისუფლების ერთგულება და ყველა სამშობლოს ერთგული უნდა იყოს.
„ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ დაპირისპირებას. ქვეყანა აღარ იქნება დაყოფილი ხელისუფლების უტეხ მომხრეებად და შეუპოვარ მოწინააღმდეგეებად. ჩვენ საერთო ქვეყანას ავაშენებთ, სადაც ცხარედ, მაგრამ ცივილურად ვიკამათებთ ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ აღარასოდეს დავუპირისპირდებით ერთმანეთს ძალით, აღარასოდეს გავახარებთ საქართველოს დანაწევრებისა და შინააშლილობის მოსურნეს!“ – აღნიშნა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა შეკრებილ მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მიუწოდა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს.
ბიძინა ივანიშვილმა კოალიცია „ქართული ოცნების“ შიდა ქართლის მაჟორიტარები დაასახელა. გორში კოალიციის სახელით – სოსო ვახტანგაშვილი, ხაშურში – ვალერი გელაშვილი, კასპში – დავით ონოფრიშვილი, ხოლო ქარელში ლერი ხაბელოვი იყრის კენჭს.
საქინფორმი აღნიშნავს, რომ პროგნოზები, რომელთა მიხედვით გორში „ქართული ოცნების“ აქცია ჩაიშლებოდა ან მცირერიცხოვანი იქნებოდა (კოალიციის მოწინააღმდეგეთა მიერ ამავე რეგიონის სოფლებში – მერეთსა და კარალეთში – პროვოცირებული კრიმინალური ინციდენტების გათვალისწინებით) – არ გამართლდა. მეტიც, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ გუბაზ სანიკიძის განცხადებით, გორის აქციაში არანაკლებ 30 000 ადამიანი მონაწილეობდა. „მოედანი საკმაოდ დიდია და, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ აქ, სულ მცირე, 30 000 ადამიანი დგას!“ – განუცხადა სანიკიძემ ჟურნალისტებს. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან რაც მეტი ინციდენტი და პროვოკაცია მოხდება, მით მეტი ადამიანი მივა კოალიციის აქციებზე.
გთავაზობთ 2012 წლის 15 ივლისს გორში ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის სრულ ტექსტს, რომე