აქტუალური
სერგეი მინასიანი: „სააკაშვილი პარლამენტს ჩაუდგება სათავეში, ბაქრაძე კი საქართველოს პრეზიდენტი გახდება“

1-minasyan-aqtualur3თბილისი, 13 ივლისი, საქინფორმი. მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართული ოპოზიცია უფრო სერიოზულ როლს შეასრულებს სახელმწიფო ხელისუფლების სისტემაში. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი შესაძლოა, პარლამენტის სპიკერი გახდეს. ასეთი აზრი გამოთქვა 12 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე სომეხმა პოლიტოლოგმა, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანმა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „REGNUM“ იუწყება.

ექსპერტი, რომელიც ცოტა ხნის წინ იყო საქართველოში, ამბობს, რომ 2003-2004 წლების „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველო, ალბათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოვლენის – ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, წინაშე დგას. მომავალი არჩევნების მნიშვნელობა, მისი აზრით, იმით არის განპირობებული, რომ საეჭვოა, სააკაშვილმა თავისი კანდიდატურა მესამე ვადით  წამოაყენოს და სრულიად შესაძლებელია, რომ 2013 წელს საქართველო ნახევრად საპარლამენტო სისტემაზე გადავიდეს. ამ შემთხვევაში კი „პარლამენტის როლი მეტად მნიშვნელოვანია“. სააკაშვილის მიერ მესამე ვადაზე უარის თქმა, ექსპერტის აზრით, განპირობებულია იმით, რომ საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია დასავლეთის აზრი. დასავლეთში კი, როგორც ცნობილია, არ მიესალმებიან ისეთ შემთხვევებს, როცა პრეზიდენტებისა და სხვა თანამდებობის პირების მესამე ვადით არჩევა ხდება.

„ეს მეტად მნიშვნელოვანი რესურსია საქართველოსთვის, და, საერთოდ, პიარი სააკაშვილის მთავარ რესურსს წარმოადგენს და მას ეს კარგად ესმის. თუმცა, მეორე მხრივ, ხელისუფლებაზე ნებაყოფლობით უარის თქმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ძალიან სერიოზული ნაბიჯია“, – განაცხადა მინასიანმა. მან აღნიშნა, რომ ბევრ ექსპერტს როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ მიაჩნია, რომ თუნდაც სააკაშვილმა ფორმალურად არ განაგრძოს საპრეზიდენტო საქმიანობა – და ყველაზე მოსალოდნელი კანდიდატი პრეზიდენტის პოსტზე პარლამენტის ამჟამინდელი სპიკერი დავით ბაქრაძე იქნება – მაშინ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის სპიკერი გახდება და, ერთდროულად, მომავალი არჩევნების შედეგად პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულებას დაიწყებს ქვეყნის შინაგან ცხოვრებაში, რაც საშუალებას მისცემს სააკაშვილს, თავისი ბერკეტების უდიდესი ნაწილი  შეინარჩუნოს.

რაც შეეხება პოლიტიკურ სიტუაციას საქართველოს სომხებით დასახლებულ რეგიონში – სამცხე-ჯავახეთში, მინასიანის თქმით, ხელისუფლებაც და ოპოზიციური ძალებიც საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ ამ რეგიონს, თუმცა იქ, ისევე, როგორც აზერბაიჯანელებით დასახლებულ ქვემო ქართლში, ხელისუფლების მხრიდან მკაცრი კონტროლის გამო ოპოზიციური საქმიანობის გაშლა საკმაოდ რთულია.

პოლიტოლოგის აზრით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნამდვილი ოპოზიცია საქართველოს ცხოვრებაში საკმაოდ სერიოზული როლის შესრულებას დაიწყებს, რაც შესაძლებელს გახდის პლურალისტული სისტემის შენარჩუნებას, რომელიც, თავის მხრივ,  ჯავახეთის პრობლემების უფრო ეფექტიანად წინ წამოწევის საშუალებას მისცემს.

მინასიანი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის საკითხსაც  შეეხო და აღნიშნა, რომ ამით მხოლოდ და მხოლოდ მისი არაფორმალური სტატუსის ფორმალიზაცია მოხდა, ვინაიდან კარგ მენეჯერად და პრაგმატულ პოლიტიკურ მოღვაწედ ცნობილი ვანო მერაბიშვილი ბოლო წლების განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

საქინფორმი: სომეხი ექსპერტი არ აზუსტებს – ვინ გახდება საქართველოში მთავარი ფიგურა ახალი, იმ დროისათვის ძალაში შესული კონსტიტუციით – მაგრამ როგორც ზემოთ მოყვანილი ანალიტიკური პუბლიკაციის კონტექსტიდან გამომდინარეობს, ეს ახალდანიშნული პრემიერი – საქართველოს ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი იქნება, რომელსაც სერიოზული კონტაქტები აქვს როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის სახელისუფლო სტრუქტურებთან.