თბილისი, 13 ივლისი, საქინფორმი. სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხებას“ საზოგადოებრივმა და მედიაორგანიზაციებმა დაგმეს ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილი ათასობით სატელიტური ანტენის დაყადაღების ფაქტი და ის დამოუკიდებელი მედიასაშუალების შეფერხების მცდელობად შეაფასეს, მაგრამ მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მას საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმის დასამტკიცებლად, რომ „მაესტრო “ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებთან „ამომრჩევლის მოსყიდვის" მიზნით „თვალთმაქცურ გარიგებაში“ შევიდა.
„ეს შენ გეხებას“ 12 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მაესტროს“ კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღებით ხელი ეშლება დამოუკიდებელი ტელეკომპანიის განვითარებას. ჯგუფმა მოუწოდა ხელისუფლებას საზოგადოებას, გააცნოს შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც საფუძვლად დაედო ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ იმპორტირებული სატელიტური ანტენების დაყადაღებას“.„აღნიშნული ქმედებით ხელისუფლება აფერხებს პლურალისტური მედიასივრცის შექმნას, რაც მნიშვნელოვნად აუარესებს საარჩევნო გარემოს და ქმნის არათანაბარ კონკურენტულ პირობებს, – ნათქვამია „ეს შენ გეხებას“ განცხადებაში. – კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი ინფორმაცია“.
„მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და სადამკვირებლო ორგანიზაციებს, ადეკვატური რეაგირება მოახდინონ წინასაარჩევნო პერიოდში დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვისა და შეფერხების ფაქტებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ივლისის დასაწყისში ტელეკომპანია „მაესტრომ“ განაცხადა, რომ ის აპირებს სიმბოლურ ფასად სატელიტური ანტენების დამონტაჟებას რეგიონებში მაყურებელთა გაფართოების მიზნით დაგეგმილი კამპანიის ფარგლებში.
„მაესტროს“ განცხადებას ორიოდ კვირით ადრე წინ უძღოდა ხელისუფლების მიერ „გლობალ TV“-ის კუთვნილი ათობით ათასი სატელიტური ანტენის დაყადაღება. „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“, კომპანიას, რომელიც „გლობალ TV“-ის სახელით არის ცნობილი და მისი თანამფლობელია ბიძინა ივანიშვილის ძმა, დაუმონტაჟებელი სატელიტური ანტენები 21 ივნისს დაუყადაღეს. მაშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მან სთხოვა სასამართლოს, „გლობალ TV“-ის მფლობელობაში არსებული დაუმონტაჟებელი სატელიტური ანტენები დაეყადაღებინა. ხელისუფლების თქმით, კომპანია, ფაქტობრივად, ივანიშვილის კოალიციის სასარგებლოდ ატარებდა კამპანიას, ვინაიდან ეს ანტენები, ხელისუფლების თქმით, მილიარდერი პოლიტიკოსის საჩუქარს წარმოადგენდა. ამ საქმესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს მრავალმილიონიანი ჯარიმა დაეკისრა.
მთავარმა პროკურატურამ 11 ივლისს „მაესტროს“ სატელიტურ ანტენებზე ყადაღის დადების შესახებ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიების მითითებებით მოქმედებდა.
ტელეკომპანია „მაესტრომ“ განაცხადა, რომ კამპანია „მაესტრო ყველა ოჯახში“, მისი აქციების 25%-ის მფლობელმა მაკა ასათიანმა დააფინანსა. მართალია, „მაესტრომ“ პიარაქციის ფარგლებში ერთი ანტენა დაამონტაჟა ერთ-ერთ სოფელში, მაგრამ ჯერჯერობით სატელიტური ანტენების მასობრივი დამონტაჟება არ დაწყებულა და პროცესის პირობებიც უცნობია.
„მაესტროს“ თქმით, 2011 წლის ნოემბრიდან მაკა ასათიანმა 5.18 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა ტელეკომპანიაში, გარდა იმ 1.5 მილიონი აშშ დოლარისა, რომელიც ტელეკომპანიისთვის სხვადასხვა მოწყობილობის საყიდლად იქნა გამოყოფილი. „მაესტრომ“, ასევე, განაცხადა, რომ სარეკლამო შემოსავლებმა 2012 წლის მარტ-ივნისში 651 950 ლარი შეადგინა.
მაკა ასათიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ შვეიცარიიდან სკაიპით განუცხადა, რომ მისი მიზანია, ეს ბიზნესი მომგებიანი გახდეს და ამისათვის საჭიროა, ტელეკომპანია მთელ ქვეყანას ფარავდეს. მან უარყო რაიმე კავშირი რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან ან ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ რომელიმე კომპანიასთან.
12 ივლისს გავრცელებულ კიდევ ერთ განცხადებაში მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე არგუმენტი წარმოადგინა, რომელთა საფუძველზეც ის აცხადებს, რომ „მაესტრომ“ ათასობით სატელიტური ანტენა შემოიტანა „შპს „ელიტა-ბურჯის“ წარმომადგენელთა მითითებით თვალთმაქცური გარიგებების გზით“.
პროკურატურის თქმით, ეს ანტენები უნდა დარიგებულიყო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მიერ უკვე აპრობირებული სქემით.
ამ პროცესს, მთავარი პროკურატურის განცხადებით, ხელმძღვანელობდა არა „მაესტრო“, არამედ „ელიტა ბურჯი“. პროკურატურამ განაცხადა, რომ ტვირთის ნაწილი, რომელიც საბაჟო დოკუმენტების მიხედვით „მაესტროს“ საკუთრებაა, ეტიკეტების მიხედვით, ისევ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ ეკუთვნის. მისივე განცხადებით, სატელიტური ანტენები „გლობალ TV“-თვის მიმწოდებელი იმავე თურქული კომპანიისგან შეიძინეს. მთავარი პროკურატურის თქმით, განბაჟების პროცესს ახორციელებდა „ელიტა ბურჯის“ რამდენიმე წარმომადგენელი და არა „მაესტროს“ შესაბამისი პირი, „რაც, ასევე, დამატებით ადასტურებს გარიგებების თვალთმაქცობას“.