პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „ძალადობის პოლიტიკა გრძელდება“

1-bizoo-politika1თბილისი, 13 ივლისი, საქინფორმი. ვლადიმერ უგულავას დანიშვნა „ქართუ ჯგუფის“ აქციების მმართველად ხელისუფლების ძალადობის პოლიტიკის გაგრძელებაა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას „ქართუ ჯგუფის“ ჯგუფური თაღლითობის გზით მითვისებაში ადანაშაულებს. კოალიციის ლიდერის თქმით, მმართველი გუნდი არაერთგზის შეეცადა „ქართუ ბანკის“ დაქცევას, მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა.
„ჯერ „ქართუ ბანკის“ საინკასაციო მანქანა დააპატიმრეს, შემდეგ განხორციელდა ჯგუფური თაღლითობა სააკაშვილის მეთაურობით, გამოიცა კანონი, რომელიც მხოლოდ „ქართუ ბანკზე“ ვრცელდებოდა და ბანკიდან ამოღებული ქონება მიაქციეს სახელმწიფო საკუთრებაში. ამის მიუხედავად, მათ ბანკის დაქცევა ვერ მოახერხეს, რადგან მქონდა შესაძლებლობა და „ქართუ ბანკს“ დავეხმარე. დღეს კი ყოველგვარი ლოგიკის გარეშე აიღეს და ბანკი მიაქვთ, ეს არის ამათი დემოკრატია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, ჯარიმებს, რომლებიც სასამართლომ დააკისრა, არავითარი იურიდიული საფუძველი არ აქვს.
„სააკაშვილი ნამდვილად აოცებს ევროპას, თუმცა არა იმ სისულელეებით, რაზეც თავად საუბრობს, არამედ იმ უკანონო კანონებითა და საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელთაც მისი დავალებით ხელისუფლება ახორციელებს. სააკაშვილის გუნდში ნამდვილად საოცრების ოსტატები არიან“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ: თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე ქართუ ჯგუფისა და პროგრეს ბანკის აქციების მმართველად ვლადიმერ უგულავა დანიშნა.

„2012 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა სს „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ისა და სს „პროგრეს ბანკის“ აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე.