თბილისი, 13 ივლისი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის მასშტაბით დამატებით 17 მაჟორიტარულ ოლქში წარადგინა დეპუტატობის კანდიდატები და განაცხადა, რომ კოალიციაში არსებობს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, დეპუტატობის კანდიდატებს შორის არანაკლებ 55% მისი პარტიის წარმომადგენელი უნდა იყოს.
მის მშობლიურ საჩხერეში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე იყრის კენჭს; თერჯოლაში – ისტორიკოსი ომარ ნიშნიანიძე, „ქართული აკადემიის“ წევრი; ვანში – ეკონომისტი, პროფესორი გოდერძი ტყეშელაშვილი; წყალტუბოში – პაატა ზაქარეიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი და კონფლიქტოლოგი. იმერეთის რეგიონში კანდიდატების უმეტესობა ივანიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქუთაისში გამართულ აქციაზე ივნისში დაასახელა. ჭიათურისა და ხონის მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.სამცხე-ჯავახეთის ექვსი ოლქიდან კოალიციამ ოთხ მაჟორიტარულ ოლქში დაასახელა კანდიდატები: ბორჯომი – იურისტი გედევან ფოფხაძე, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ბორჯომის ყოფილი გამგებელი; ახალციხე – ისტორიკოსი გურამ კუტალაძე, სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის პროფესორი; ადიგენი – ბიძინა გუჯაბიძე კონსერვატიული პარტიიდან, წინა მოწვევის პარლამენტის წევრი; ასპინძა – თემურ მაისურაძე, ეროვნული ფორუმის წევრი. ნინოწმინდასა და ახალქალაქში, რომელსაც ივანიშვილმა კოალიციისთვის „ძალიან მძიმე რეგიონი“ უწოდა, კანდიდატები ჯერ კიდევ წარსადგენია და ისინი სომხური ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები იქნებიან.
ცნობილი გახდა კახეთის რეგიონში პირველი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა არსებული რვიდან ხუთ ოლქში. ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ სახელით კენჭს იყრის მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, რომელიც ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობისა“ და „სახალხო კრების“ წევრია; ახმეტაში – ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ მაისიდან გაერთიანდა; ყვარელში – ძიუდოისტი დავით ქევხიშვილი; სიღნაღში – ფინანსისტი და ბიზნესმენი გელა გელაშვილი, ხოლო დედოფლისწყაროში – იურისტი ალექსანდრე თამაზაშვილი.
გამოცხადდა „ქართული ოცნების“ კანდიდატების ვინაობა სამეგრელოს რეგიონის რვა ოლქიდან ორ მაჟორიტარულ ოლქში: ხობში კენჭს იყრის გიგა ბუკია, „კონსერვატიული პარტიის“ წევრი, ყოფილი პარლამენტარი; ხოლო ჩხოროწყუში – ლევან იზორია, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი.
ონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მსახიობი თამაზ (გია) ჯაფარიძე დასახელდა, ხოლო მესტიაში – ვიქტორ ჯაფარიძე, წინა მოწვევის პარლამენტში ამავე ოლქიდან ყოფილი მაჟორიტარი.
კოალიცია შიდა ქართლში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას 15 ივლისს გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ აქციაზე ვარაუდობს, ხოლო დედაქალაქში კანდიდატების წარდგენას მომავალ კვირას აპირებს.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იყო სუფთა წარსული და პროფესიონალიზმი.
„ქართულმა ოცნებამ“ ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით არსებული 73 მაჟორიტარული ოლქიდან 36-ში უკვე დაასახელა მაჟორიტარი კანდიდატები, რომელთა უმეტესობა ივანიშვილის პარტიიდან არის.
მმართველ პარტიას თავისი კანდიდატების წარდგენა ჯერ არ დაუწყია.