თბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი. როგორც „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, აუდიტის სამსახურს, უბრალოდ, აერია, რომ ის ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ანგარიშების თანამმართველია.
ჯავახიშვილის განცხადებით, გასული წლის ოქტომბერში ივანიშვილმა მას, უბრალოდ, „ქართუს“ პრეზიდენტობა შესთავაზა, თორემ ისე პირადი ანგარიშებიდან არავითარ თანხებს არ ურიცხავს.„მე შარშან, ოქტომბერში, ბიძინა ივანიშვილმა სამსახური შემომთავაზა, თორემ შვილად ნამდვილად არ ავუყვანივარ, რომ პირად ანგარიშზე მილიონები მირიცხოს. ჩემს პირად ანგარიშზე გადმორიცხულს აუდიტის სამსახური 6 მილიონს კი არა, 6 თეთრსაც ვერ ნახავს. უბრალოდ, მე მგონია, რომ აუდიტის სამსახურს ერთი გარემოება აერია; მე ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის – ეკატერინე ხვედელიძის, პირადი ანგარიშების თანამმართველი ვარ. კარგად მოგეხსენებათ მილიარდერები ბანკში საკუთარი ფეხით არ დადიან. შესაბამისად, მე მათ ანგარიშებს მფლობელებთან ერთად ვმართავ, თუმცა ნამდვილად არ ვინტერესდები და არც მაქვს ამის უფლება, ვიცოდე, თუ სად რიცხავენ ისინი თანხებს“, – განმარტა ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ სამი დღის ვადაში ის აუდიტის სამსახურს გადაუგზავნის ბანკში მისი ანგარიშების მიმოქცევის შესახებ ანგარიშ-ფაქტურას, საიდანაც აუდიტის სამსახური მიხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილს მისთვის არაფერი გადაურიცხავს.
შეგახსენებთ, რომ, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ „ქართუ ბანკის“ დირექტორ ნოდარ ჯავახიშვილის ანგარიშზე 6 მილიონი ლარი გადარიცხეს.
„იმისათვის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიიღოს გონივრული რწმუნება ბიძინა ივანიშვილის მიერ ნოდარ ჯავახიშვილის პირად ანგარიშზე ჩარიცხული სოლიდური თანხების ხარჯვის მიზნობრიობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა სს „ბანკი ქართუს“ გენერალურ დირექტორს სთხოვა, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სამი დღის ვადაში წარუდგინოს დოკუმენტალურად დადასტურებული ინფორმაცია, მიღებული დაფინანსების შედეგად განხორციელებული საქმიანობისა და ხარჯების შესახებ“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართუ ბანკის“ ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი უარყოფს პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშიდან ჯავახიშვილის ანგარიშზე 6 მილიონ ლარამდე ფულადი ტრანზაქცია განხორციელა.
როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას 6 მილიონი კი არა, 6 კაპიკიც კი არ მიუღია. „ჩემს პირად ანგარიშზე, ალბათ, ახლა დევს 2400 ლარი და არასდროს მილიონებზე არ ყოფილა საუბარი. საიდან მოუვიდა მოგელაძეს ეს აზრი, ხომ შეიძლება, რომ მას ჰკითხოთ? რაღაცებს ურევს ქალბატონი მოგელაძე და გაერკვევა ალბათ ნელა-ნელა“, – აღნიშნა ჯავახიშვილმა.
რაც შეეხება მისთვის მიცემულ სამდღიან ვადას, ჯავახიშვილის განცხადებით, „3 წუთით კი საკმარისია იმისთვის, ვუთხრა მათ, რომ არასდროს მქონია ამხელა თანხები“.
„ბიძინა ივანიშვილი არასდროს მირიცხავს მე ფულს“, – დასძინა ჯავახიშვილმა.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშიდან „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორის – ნოდარ ჯავახიშვილის, ანგარიშზე 6 მილიონ ლარამდე განხორციელებული ფულადი ტრანზაქცია შესაძლოა, კანონის გვერდის ავლით იხარჯებოდეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური ჯავახიშვილს ღია წერილით მიმართავს და მოუწოდებს, მიღებული დაფინანსების შედეგად განხორციელებული საქმიანობისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია უწყებას სამი დღის ვადაში წარუდგინოს.