სამართალი
ივანიშვილის ქონება იძულებითი მართვის რეჟიმში გადაიყვანეს

1-qoneba-samart1თბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი. აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული № 4/ა-131-12 და № 4/ა-129-12 სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ აუქციონზე, რომელზეც გამოტანილი იყო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100% სს „ქართუ ჯგუფსა“ და აქციების 21,7% სს „პროგრესბანკში“, აქციების რეალიზაცია არ მოხდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში.

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 63-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განცხადებით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, კანონმდებლობის შესაბამისად, შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით.

ცნობისათვის: იძულებითი მართვა გულისხმობს აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველის დანიშვნასა და იძულებითი მართვის შედეგად მიღებული თანხებით კრედიტორის ეტაპობრივად დაკმაყოფილებას.

იძულებითი მართვის პროცესის დასრულებამდე იძულებითი მმართველი სარგებლობს მესაკუთრის ყველა უფლებით, ხოლო ქონება რჩება მოვალის საკუთრებაში.