თბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა – ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები“ – სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ევროპა ჩვენთვის პრაგმატული არჩევანი არ არის, ჩვენთვის ევროპის ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს“.
მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა 8 წლის წინანდელი ინაუგურაციის ცერემონია, როდესაც ცერემონიალზე ევროპის ჰიმნი შესრულდა. „8 წლის წინ საპრეზიდენტო ინაუგურაციას ესწრებოდა მრავალი საპატიო სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებზეც დიდი შთაბეჭდილება იქონია „ვარდების რევოლუციამ“. ახალი ადმინისტრაციის ძლიერი ჟესტის დასტურად ჩვენ აღვმართეთ ევროპის დროშა და გუნდის თანხლებით შევასრულეთ ევროპის ჰიმნი. ბევრმა ეს იმის ნიშნად მიიღო, რომ ჩვენ არასერიოზული ხალხი ვართ. იცით, რა? ყველას აქვს თავისი დეკლარაცია. რეგიონის ზოგიერთი ლიდერის პირველი განცხადება იყო იმის შესახებ, რომ მისტირიან საბჭოთა კავშირს. ჩვენი პირველივე განცხადება კი იყო, რომ არათუ არ გვენატრება საბჭოთა კავშირი, არამედ გვსურს ჩვენი ევროპული მომავლისკენ სვლა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.მისივე თქმით, შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ქართულ მენტალიტეტსა და ფსიქიკაში დარჩა ის, რომ საქართველო უნდა გახდეს თანამედროვე ევროპული ქვეყანა.
„ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ, რაზეც ჩვენი მიღწევებიც მეტყველებს. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური, კორუმპირებული და სასოწარკვეთილი სახელმწიფო მსოფლიოში და ამის დამარცხება ამ წლებში შევძელით. როდესაც საუბარია ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა, ეს მახასიათებლები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უამრავი ევროპული კვლევა ვიცით, სადაც საქართველო ერთ-ერთ ყველაზე კრიმინოგენურ ქვეყნად სახელდებოდა. დღეს კი ევროკავშირის კომისიების კვლევებით საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, თუნდაც ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორებიცაა დანია და ისლანდია“, – განაცხადა მიხეილ სააკააშვილმა.
პრეზიდენტმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არცერთ ქვეყანას არ ჰქონია ისეთი პროგრესი კორუფციის დამარცხებაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, როგორც საქართველოს.
სააკაშვილის თქმით, ევროკავშირის ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც ფილიპ დიმიტროვმა რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა, საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში.
„კიდევ არის რამდენიმე ფაქტორი, რომელიც ამ ტრანსფორმაციას განსაზღვრავს. ჩვენ მსოფლიოში კომპანიების ყველაზე სწრაფი რეგისტრაცია, სამომხმარებლო პროცედურები, საკუთრების ტრანზაქცია და საიდენტიფიკაციო ბარათების უმოკლეს ვადებში გაცემის პრაქტიკა გვაქვს. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გასამმაგდა. საქართველომ შეძლო სიღარიბის დონის შემცირება 52-დან 20 პროცენტამდე. მიმდინარეობს ჯანდაცვის რეფორმა, აშენებულია ახალი საავადმყოფოები. ამასთან, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის ნახევარი იქნება დაზღვეული. მომავალ რამდენიმე წელიწადში კი უნივერსალური ჯანდაცვის დაზღვევა გვექნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო რეგიონში, მოლდოვასთან ერთად, აღმოსავლეთპარტნიორობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებს რეფორმებისა და ცვლილებებისთვის.
მიხეილ სააკაშვილმა აღმოსავლეთპარტნიორობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი საქართველოს ევროპასთან დაახლოების მნიშვნელოვანი მექანიზმია.
„აღმოსავლეთპარტნიორობა შესანიშნავი იდეაა, რადგან 2008 წლის ომის შემდეგ ბევრს უკვირდა, რატომ ვიყავით ჯერ კიდევ რუკაზე. ამ დროს აღმოსავლეთპარტნიორობა შეიქმნა, რაც დიდი შვება იყო ჩვენთვის. აღმოსავლეთპარტნიორობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ევროპასთან დაახლოებისთვის. ჩვენ ყველანი დსთ-ის წევრები ვიყავით და ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ რჩება ამ ორგანიზაციის წევრად. მაგრამ ყველა მეთანხმება, რომ დსთ არ სთავაზობს სახელმწიფოებს დისკუსიის ნორმალურ ფორმას. სწორედ ამიტომ არ გვწყდება გული და სხვა ქვეყნებსაც სურთ აღმოსავლეთპარტნიორობაში ჩართვა. ჩვენ არ გვჯეროდა, რომ 2014 წლისთვის გვექნებოდა გამარტივებული სავიზო რეჟიმი. ამ წელს კი ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან, ასევე, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ევროპული პერსპექტივა ჩვენთვის ვილნიუსის სამიტზე გაიხსნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.