თბილისი, 12 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დელეგაციამ მონაკოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის კენჭისყრისას პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა.
როგორც ცნობილია, დოკუმენტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული, თუმცა, ამის მიუხედავად, რუსეთმა დოკუმენტის დამტკიცების წინააღმდეგ ხმა მაინც არ მისცა.სააგენტო „რეგნუმთან“ საუბარში რუსეთის სათათბიროს დელეგაციის ხელმძღვანელმა, „ედინაია როსიას“ წევრმა ნიკოლაი კოვალევმა ეს გარემოება იმით ახსნა, რომ დოკუმენტში გონივრული რაღაცებიც არის ჩადებული.
რუსი დეპუტატის განცხადებით, მთელი სესიის განმავლობაში ეუთო ტენდენციური იყო.
„მე მომეჩვენა, რომ ბევრ შემთხვევაში პოზიცია, უბრალოდ, ანტირუსული იყო. ეს ეხება საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც. რუსეთის დელეგაციამ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, თუმცა, სამწუხაროდ, საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის პოზიციის წინააღმდეგ ხმა კონსოლიდირებულად მისცა“, – განაცხადა მან.
ჟურნალისტის კითხვაზე – რატომ არ მისცა რუსეთმა ხმა ამ დოკუმენტის წინააღმდეგ, კოვალევმა აღნიშნა: „რეზოლუციაში გონივრული რაღაცებიც წერია, რომელთა გაპროტესტება მიზანშეუწონელია“.
„ჩვენი პოზიციაა, რომ წინააღმდეგობა აბსურდამდე არ დავიდეს“, – განაცხადა მან.