თბილისი, 11 ივლისი, საქინფორმი. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებული აუქციონი, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება იყო გატანილი, უშედეგოდ დამთავრდა. ინფორმაცია ამის შესახებ განთავსებულია საიტზე eauction.ge. გუშინ, 18:00 საათზე, დასრულებულ აუქციონზე ივანიშვილის ქონებას მყიდველი არ გამოუჩნდა.
თუ რა იქნება შემდეგ, ამის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიურო დღეს განაცხადებს.როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის დასრულებამდე ქონებას მყიდველი არ გამოუჩნდა, აღმასრულებელს უფლება აქვს, ქონება საკუთრებაში სახელმწიფოს გადასცეს ან გამოცხადდეს განმეორებითი, ნულოვანი აუქციონი.
შეგახსენებთ, რომ ელექტრონულ აუქციონზე გატანილია ბიძინა ივანიშვილის აქციების 100% სს „ქართუ ჯგუფში“ და აქციების 21.7% სს „პროგრეს ბანკში“.
ბიძინა ივანიშვილის აქციების 100% სს „ქართუ ჯგუფში“ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შეფასებულ იქნა 151 880 661 ლარად, ხოლო აქციების 21.7% სს „პროგრეს ბანკში“ – 3 566 498 ლარად.
აქციების 100%-ის საწყისი ფასია 75 940 330,50 ლარი, ხოლო სს „პროგრეს ბანკში“ კუთვნილი აქციების 21.7%-ის საწყისი ფასი – 1 783 249 ლარი.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს ელექტონულ აუქციონზე ბანკ „ქართუსთან“ ერთად ის მიწაც აქვს გატანილი, რომელზეც ამჟამად ტელეკომპანია „მეცხრე არხია“ განთავსებული.
„ქართუ ჯგუფის“ უცხოელი აქციონერები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივ დავას დაიწყებენ, თუ საქართველოს ხელისუფლება იძულებითი აუქციონის გზით გაასხვისებს „ქართუ ჯგუფის“ აქციებს.
„ქართუ ჯგუფის“ უცხოელ აქციონერთა ერთ-ერთი ადვოკატის კრის ვასილიადესის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არ არის „ქართუ ჯგუფის“ აქციონერი და მას არანაირი კავშირი არ გააჩნია „ქართუ ჯგუფის“ აქციონერებთან. კრის ვასილიადესმა ჩამოთვალა „ქართუ ჯგუფის“ ამჟამინდელი მფლობელი უცხოური კომპანიებიც.