აქტუალური
სააკაშვილი: „ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირში საქართველოს გაწევრების საკითხს დააყენებს“
1-baTumiaqtualuri1თბილისი, 11 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ევროპის სახალხო პარტიის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის სამუშაო სხდომის შემდეგ სახალხო პარტიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „იმას, რაც ბათუმში გადავწყვიტეთ, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება“.
სააკაშვილის თქმით, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ აღმოსავლეთპარტნიორობის მომდევნო სამიტზე ისინი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხს დააყენებენ. „მომავალ წელს ლიტვა არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და უნდა მოვემზადოთ ამისთვის. აღმოსავლეთპარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც მომავალი წლის შემოდგომაზე გაიმართება, პარტიების ამ გაერთიანებების ხელმძღვანელებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი, რომ ევროკავშირმა გამოხატოს მზადყოფნა საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე. ეს არის ძალიან სერიოზული განაცხადი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს მომავალ წელს რეალური შანსი აქვს, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა ჰქონდეს. მისივე განცხადებით, მეორე მთავარი საკითხი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაა. „ჩვენ ამ მხრივ ძალიან სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, შანსი გვაქვს, რომ მომავალი წლისთვის დავასრულოთ ეს მოლაპარაკებები. საქართველოს ყველა მოქალაქე თავისი პასპორტით უვიზოდ შევა ევროპის კავშირის ქვეყნებში. თუ მივაღწიეთ იმას, რომ ვილნიუსის სამიტმა ამის პარალელურად მოგვცა განაცხადი, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრები, ეს იქნება ისტორიული გარღვევა საქართველოსთვის თავისი მომავლის დასაცავად და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, სხდომაზე მიღებულ დოკუმენტში მხარდაჭერილია, ასევე, რომ ქართველ სტუდენტებზე ერაზმუსის პროგრამა გავრცელდეს. „ერაზმუსის პროგრამა არის პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ევროკავშირის სტუდენტებს, იარონ ევროპაში და ისწავლონ ევროპულ სასწავლებლებში სასყიდლის გარეშე. თუ ევროკავშირი მხარს დაუჭერს, რომ იგივე გავრცელდეს საქართველოზე, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენმა სტუდენტებმა მთელ ევროპაში მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, დოკუმენტის მიხედვით, მხარდაჭერილია ბათუმში ევროპული კოლეჯის გახსნა. „ასეთი კოლეჯი არსებობს მხოლოდ ბელგიაში. ბათუმში ევროპული კოლეჯი ნიშნავს, რომ ჩვენ გაგვიჩნდება დიდი საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც ისწავლიან სტუდენტები მთელი რეგიონიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, გაიცემა ევროპული დიპლომი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.