რელიგიური ატრიბუტიკის პრობლემამ საჯარო სკოლებში კვლავ აქტუალობა შეიძინა. დანამდვილებით ცნობილი არ არის, ჩატარდა თუ არა თათბირი განათლების სამინისტროში, სადაც დირექტორების კაბინეტებიდან ჯვრების და ხატების გატანის აუცილებლობაზე მიუთითეს, არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა ადგილი ამ საკითხთან დაკავშირებულ ინციდენტს ერთ-ერთ სკოლაში, თუმცა ეს ბუნდოვანი ცნობებიც კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ თემა ქართულ, შემდეგ კი უცხოურ საინფორმაციო საშუალებებში მოხვედრილიყო და საზოგადოებისთვის განსჯის საგნად ქცეულიყო, რაც მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება რელიგიასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ ძალზე მგრძნობიარეა.
ეს, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდია, რომელშიც ერთ მხარეს მზარდი რელიგიურობა და ყოველივე ტრადიციულისკენ ლტოლვა ახასიათებს, რაც თავის მხრივ წარმოადგენს მის რეაქციას გარემოს მზარდ ანტიჰუმანურობაზე, ხოლო მეორე მხარეს- საზოგადოების ცნობიერების სასწრაფო და რადიკალური სეკულარიზაციის სურვილი. ორივე მხარეს განხილულ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ მოცულობითი არგუმენტაცია და ქვეყნის მომავლის განსხვავებული ხედვა აქვს. თუმცა, ალბათ, საჭიროა დაფიქრება იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს დაპირისპირების ამ კონკრეტულმა ეპიზოდმა.
ამისთვის, ალბათ, სასარგებლო იქნება განვიხილოთ ის პროცესები, რომელიც რამდენიმე წელია იტალიაში მიმდინარეობს, რომელიც ცნობილი პოლიტიკოსის მასიმო დ’ალემოს საკმაოდ ზუსტი განსაზღვრების თანახმად ,,საერო, მაგრამ უაღრესად კათოლიკური სახელმწიფოა”. ყოველივე 2002 წელს დაიწყო, როდესაც ქალაქ აბანო-ტერმაში მცხოვრებმა წყვილმა განაცხადა, რომ ჯვარცმა საკლასო ოთახში, ხელს უშლით შვილები ,,თავისუფლების სულისკვეთების” შესაბამისად აღზარდონ. მას შემდეგ, რაც იტალიის სასამართლო ინსტანციებმა, უზენაესი სასამართლოს ჩათვლით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს მიმართეს, რომელმაც გასული წლის ნოემბერში გადაწყვიტა, რომ იტალიის ხელისუფლებამ სკოლებიდან ჯვრების გატანა უნდა უზრუნველყოს. რომში მყისვე გააცნობიერეს რა ვნებათაღელვა შეიძლება მოჰყვეს ამას და ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, საქმის მეორე განხილვა ამა წლის 30 ივნისს დაიწყო და, სავარაუდოდ, 2011 წლის დასაწყისში დასრულდება. ყოველივე ამას იტალიაში შემდეგი პროცესების განვითარება მოჰყვა: ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა დაიწყეს დიდი რაოდენობის ჯვარცმების შეძენა და მათი გაგზავნა სკოლებში, უნივერსიტეტებსა თუ საავადმყოფოებში, მაღაზიების და კაფეების ბევრმა მეპატრონემ რელიგიური ატრიბუტიკა ყველაზე თვალსაჩინო ადგილას გამოფინა. ბევრი ჯვარცმა უშუალოდ სკოლების სიახლოვეს დაიდგა.
,,ჩვენ ღია ვართ ყველა რელიგიისთვის, ამაზე მიუთითებენ მეჩეთები, სინაგოგები და პროტესტანტული ეკლესიები ჩვენ ქალაქებში,- წერდა იტალიელი პუბლიცისტი ალესანდრა პაოლინი ამ ვნებათაღელვასთან დაკავშირებით,- მაგრამ უპირველეს ყოვლისა კათოლიკური ქვეყანა ვართ და ჩვენ ფესვებზე უარი არ უნდა ვთქვათ. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა, რომელიც კარგავს ან ივიწყებს თავის ტრადიციებს, გადაიქცევა ქვეყანად ისტორიის გარეშე და შესაბამისად მომავლის გარეშე.”
იტალიელი მიმოხილველები აღნიშნავენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი (რაც დღეს წარმოუდგენელი ჩანს) თუ იტალიის მთავრობა იძულებული გახდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილოს, უამრავი ჯვარცმა მყისვე გაჩნდება სკოლის შენობებიდან რამდენიმე მეტრში და ბრძოლა ჯვარცმის სკოლებში დაბრუნებისთვის საყოველთაო-ეროვნულ ხასიათს მიიღებს.
ამ ისტორიიდან საქართველოს ხელისუფლებამ, კერძოდ კი განათლების სამინისტრომ, ალბათ, შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანოს იმისთვის, რომ ვნებათაღელვა რელიგიურ ნიადაგზე თავიდან აიცილოს. მათ, ალბათ, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან მცირე ინციდენტსაც კი შეიძლება საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვეს. რაც მთავარია, ამ რეაქციის ფორმების ამოცნობა დღეს საკმაოდ რთულია და მან ხელისუფლების იმიჯს, ისევე როგორც ზოგადად მისი პოზიციებს შეიძლება ძალზე სერიოზული დარტყმა მიაყენოს.
უახლოეს მომავალში ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ვიხილოთ თუ რა მიდგომას აირჩევს ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით და, შესაბამისად, გამოვიტანოთ დასკვნა იმის თაობაზე თუ რა მოტივები დგას მისი მოქმედებების უკან და რა საბოლოო მიზნის მიღწევას ცდილობს ის.