საზოგადოება
NDI – საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები

1-NDIsazogadoeba2თბილისი, 11 ივლისი, საქინფორმი. რესპონდენტების ის რაოდენობა, რომელიც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2013 წელს მისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პრემიერ-მინისტრი არ უნდა გახდეს, ოდნავ აჭარბებს მომხრეთა მაჩვენებელს, რესპონდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილს კი ამ საკითხზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში, რომელიც „NDI“-მ გამოაქვეყნა.

კითხვაზე – უჭერთ თუ არა მხარს მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობას მას შემდეგ, რაც 2013 წელს მისი საპრეზიდენტო ვადა იწურება, რესპონდენტთა 36%-მა უარყოფითი პასუხი გასცა; 33%-მა განაცხადა, რომ მომხრეა; 27% ამბობს, რომ არ იცის; ხოლო 3%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე.

კვლევა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა 4-22 ივნისის პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 6 299 რესპონდენტი გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუს გზით. კვლევა, რომლის ცდომილების ზღვარიც +/- 2%-ია, შვედეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა.

კვლევა ქართველი საზოგადოების დამოკიდებულებას ასახავს მთელ რიგ მიმდინარე და პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის, საგარეო ურთიერთობებზე. წინა ანალოგიური კვლევა თებერვლის ბოლოს ჩატარდა.

ივნისში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ფარგლებში, ასევე, დათვლილ იქნა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, თუმცა NDI არასდროს ხდის საჯაროს კვლევის ამ ნაწილს და ის მხოლოდ პარტიებისთვის ხდება ხელმისაწვდომი. რეიტინგებს ორგანიზაცია პარტიებს დახურულ ფორმატში ერთ კვირაში გააცნობს. როგორც წესი, პოლიტიკური რეიტინგების შესახებ ინფორმაციის გაჟონვა მაინც ხდება პრესაში.

კითხვაზე, თუ რომელი რეფორმები იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რესპონდენტთა უმეტესობის აზრით, არის ჯანდაცვის რეფორმა, შემდეგ დაასახელა სოფლის მეურნეობის, საპენსიო, განათლების, საარჩევნო და სასამართლო რეფორმები.

წინა კვლევასთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა საქართველოში დემოკრატიის შეფასების კუთხით. რესპონდენტთა 38% ფიქრობს, რომ საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია, რაც 11%-იანი კლებაა თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (49%) შედარებით. ბოლო კვლევის თანახმად, 43% ფიქრობს, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია – თებერვალში ანალოგიური პოზიცია 34%-ს ჰქონდა.

კვლევის თანახმად, 58% ფიქრობს, რომ არსებული ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, საპირისპირო მოსაზრება აქვს 33%-ს. თებერვალში ანალოგიურ კითხვაზე დადებითად 68%-მა უპასუხა, ხოლო უარყოფითად – 27%-მა.

კვლევის თანახმად, რესპონდენტთა უმეტესობა (53%) მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, საპირისპიროს 23% ფიქრობს. თებერვლის კვლევაში დადებითი პასუხი ამ საკითხზე 62%-მა გასცა, ხოლო უარყოფითი – 18%-მა.

გამოკითხულთა 75% აცხადებს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რაც თებერვლის კვლევასთან შედარებით – 11%-ით, ხოლო 2011 წლის სექტემბრის კვლევის შედეგებთან შედარებით 24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა მოსყიდვა ნომერ პირველი დაბრკოლება გახდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, მას მოჰყვება ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც  შეშფოთების მთავარ საგანს წარმოადგენდა თებერვლის კვლევის დროს.

თებერვლის კვლევის მსგავსად, რესპონდენტთა უმეტესობა – 71%, უარყოფითად აფასებს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას და 63% არ ამართლებს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიცემაზე უარის თქმის თაობაზე.

რესპონდენტთა 45% ფიქრობს, რომ თუ ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეობას ვერ მიიღებს, მას გამონაკლისის სახით უნდა ჰქონდეს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. საწინააღმდეგო პოზიცია აქვს 17%-ს, ხოლო არ იცის 34%-მა.

თებერვლის კვლევასთან შედარებით (70%) შემცირებულია, თუმცა კვლავაც მაღალი რჩება იმ რესპონდენტთა რაოდენობა (62%), ვინც საქართველოს ნატოში გაწევრებას უჭერს მხარს, თუმცა ცოტას აქვს იმის მოლოდინი, რომ ეს ორ წელიწადში რეალობად იქცევა. უფრო მაღალი მხარდაჭერა (70%) აქვს მთავრობის გაცხადებულ მიზანს –  საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი (თებერვალში ეს მაჩვენებელი (74%) იყო.

გამოკითხულთა 87%-ს არ მოსწონს რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობა; თებერვალთან შედარებით 49%-დან 44%-მდეა ივნისში შემცირებული იმ რესპონდენტთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ რუსეთი რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, 29%-თვის კი ჩრდილოელი მეზობელი საფრთხის შემცველია, თუმცა ფიქრობს, რომ ეს საფრთხე გაზვიადებულია. თუ თებერვალში 8%-ს მიაჩნდა, რომ რუსეთი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, ივნისში ასე 12% ფიქრობს.

რესპონდენტთა უმეტესობამ (55%) არ იცის კონსტიტუციაში შეტანილი კიდევ ერთი ცვლილების შესახებ, რომლითაც სადეპუტატო ასაკი 25-დან 21 წლამდე შემცირდა. ამ ცვლილებას გამოკითხულთა 67% მხარს არ უჭერს.

რესპონდენტთა უმეტესობა კვლავაც მხარს უჭერს ხელისუფლების გეგმას შავი ზღვის სანაპიროზე ახალი ქალაქის – ლაზიკას, მშენებლობის თაობაზე; თუმცა ეს მხარდაჭერა თებერვლის შემდეგ 59%-დან ოდნავ შემცირდა 54%-მდე ივნისში. თებერვალში არსებული 27%-დან ამ იდეის მოწინააღმდეგეთა მაჩვენებელი 32%-მდე გაიზარდა ივნისში. რესპონდენტთა უმეტესობა ამ საკითხზე დისკუსიების გამართვის მომხრეა და ამ პროექტზე მაღალ დანახარჯებს არ მიესალმება.

კვლევაში მოხვდა „ქრისტიან-დემოკრატების“ საკონსტიტუციო ინიციატივა, რომელიც ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვას ითვალისწინებს. რესპონდენტთა უმეტესობას ამ ინიციატივის შესახებ არ სმენია, თუმცა 89% აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.

„NDI“-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ კვლევის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ორგანიზაცია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ ერთი კვლევის ჩატარებას გეგმავს.