ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერის განცხადებით, საქართველო ეუთოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრია. ზანიერი ამბობს, რომ ქართულ მხარესთან შეხვედრისას განსახილველ საკითხებს შორის იყოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი. მისი შეფასებით, ეს ერთადერთი ფორმატია, სადაც ყველა დაინტერესებული მხარეა წარმოდგენილი. ამას გარდა, ეუთო რჩება ჟენევის პროცესის ერთგული.
„მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ აღნიშნული პროცესი, რომელიც დაგვეხმარება მხარეებს შორის ნდობის მშენებლობაში. ჩვენ ჩავერთვებით კონკრეტული პროექტების განხორციელბაშიც, რომელიც ადამიანთა ცხოვრების დონის ამაღლებაში დაგვეხმარება. საუბარია წყლის პროექტზე, რომელიც სასარგებლო იქნება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს მყოფი დაზარალებულებისთვის. ეუთო სრულად იქნება ჩართული საქართველოსთან დაკავშირებულ პროექტებში. ვაანალიზებთ, რომ ეუთოს დასწრების აღდგენა საქართველოს ტერიტორიაზე აუცილებელია“, – ამბობს ზანიერი.
ეუთოს გენერალური მდივანი დადებითად აფასებს საქართველოს ხელისუფლების შეთავაზებას – ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩამოვიდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები. ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფი 28-კაციანი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში არჩევნებამდე ექვსი კვირით ადრე ჩამოვა, მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიაში 350 ადამიანი გაერთიანდება. ისინი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ჩამოვლენ და არჩევნების დღეს ხმის მიცემასა და ხმების დათვლას დააკვირდებიან.
„ოპოზიციასთან მქონდა შეხვედრა და მათ გამოთქვეს უკამაყოფილება, რომ მათთვის თანაბარი პირობები არ არის შექმნილი ქვეყანაში. ასევე, განსხვავებული დამოკიდებულებაა ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ. ამ საკითხის განხილვას აუცილებლად ვაპირებ, მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა იყოს კონსტრუქციული დიალოგი მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე. ქვეყანაში უნდა შეიქმნას თანაბარი საარჩევნო პირობები. იმედი მაქვს, რომ არჩევნები საქართველოში გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდება და შედეგები ასახავს ადამიანების დემოკრატიულ ნებას“, – განაცხადა ლამბერტო ზანიერიმ.