თბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. დასაქმების სამინისტროში მთავრობის დადგენილებით სამი დეპარტამენტი შეიქმნება. უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად უმუშევართა აღრიცხვისა და კოორდინაციის, საერთაშორისო ურთიერთობის, სახელმწიფო ორგანოებსა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის დეპარტამენტები ერთობლივად იმუშავებენ.
„საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა ახალი უწყების შექმნის შესახებ დადგენილება, სადაც ნათქვამია, რომ აპარატში შემდეგი 8 თანამდებობა იქნება: სახელმწიფო მინისტრი და მინისტრის მოადგილე, აპარატისა და დეპარტამენტის უფროსები, სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი, მთავარი ბუღალტერი, მთავარი სპეციალისტი და სპეციალისტი. მთალინობაში ამ თანამდებობებზე 30 ადამიანი იმუშავებს.დადგენილებაშივეა განსაზღვრული სახელმწიფო აპარატის ძირითადი ამოცანები: უმუშევრობასთან ბრძოლის კონცეფციისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; უმუშევრობის დაძლევის მიზნით ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა; დასაქმების სფეროში პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის მიზნით სამეცნიერო-აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა;
დასაქმების სახელმწიფო უწყებას უმუშევრობასთან ბრძოლის კონცეფციისა და სტრატეგიული გეგმის შემუშავება ევალება.
„დასახული ამოცანების განსახორციელებლად აპარატი მონაწილეობს და საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებების შესაბამისად ხელს უწყობს უმუშევრობასთან ბრძოლის სტრატეგიული გეგმის განხორციელებას; იღებს ბიზნესსექტორიდან ინფორმაციას უმუშევრობის ხელშემწყობი ფაქტორების თაობაზე და შეიმუშავებს წინადადებებს აღნიშნული ფაქტორების მინიმიზაციისა და მომავალში აღმოფხვრის მიზნით; მოიპოვებს ინფორმაციას ცალკეულ პირთა მიერ დაკარგული სამუშაო ადგილების, დაკარგვის მიზეზების შესახებ, აანალიზებს მათ და შეიმუშავებს სათანადო წინადადებებს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შრომის ბირჟის შექმნაში“, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.