აქტუალური
თავდაცვის ახალმა მინისტრმა ყველა მოადგილე შეცვალა

1-Tavdacv-aqtualuri---1თბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მინისტრ დიმიტრი შაშკინს ოთხი ახალი მოადგილე ჰყავს, აქედან ორი ბოლო წლებში მასთან ერთად მუშაობდა; მესამე შინაგან საქმეთა სამინისტროდან არის, ხოლო მეოთხე თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში დაწინაურდა.

შაშკინმა თანამშრომლებს პირველ მოადგილედ აკაკი სეფერთელაძე წარუდგინა, რომელიც მისი მოადგილე იყო როგორც განათლების მინისტრობის, ისე მანამდე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დროს. სეფერთელაძემ ახალ პოსტზე ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშნული ნოდარ ხარშილაძე შეცვალა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა მაია სიფრაშვილმაც, შაშკინის მრჩეველმა პენიტენციარულ სისტემაში მუშაობის დროს, რომელიც 2010 წლიდან განათლებისა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის, მათ შორის, პროგრამის – „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ – ხელმძღვანელი იყო.

შაშკინის ახალი მოადგილე გახდა დავით ნარდაიაც, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, რომელიც, სავარაუდოდ, ყოფილი მოადგილის – ანდრო ბარნოვის – საქმიანობას განაგრძობს.

აქამდე დადასტურებული ცნობების თანახმად, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ახალმა მინისტრმა დათა ახალაია წარადგინა, თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და ამჟამინდელი შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩო ახალაიას ძმა, რომელმაც მთავრობაში საკადრო ცვლილებების გამო შსს-ის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ხელმძღვანელის თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. კუდ-ის ხელმძღვანელის უფლებამოსილება მას 2006 წელს დროებით შეჩერებული ჰქონდა, როცა მისი სახელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სკანდალურ საქმეს დაუკავშირდა, თუმცა მოგვიანებით მან განაგრძო იმავე თანამდებობაზე მუშაობა.

კუდ-ში ახალაიას ყოფილი მოადგილე იოსებ თოფურიძე გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.

შაშკინმა თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ახალი უფროსი და  დეპარტამენტის ექვსი შეცვლილი ხელმძღვანელი წარადგინა. ამასთან, არსებულ 13 დეპარტამენტს დაემატა ერთი ახალშექმნილი – საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.