აქტუალური
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

1-euTo-aqtualuri-2თბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს  შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ მოიხსენიებს.

რეზოლუცია, რომელსაც საქართველოს ოფიციალური პირები მიესალმნენ იმის გამო, რომ მასში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ არის მოხსენიებული, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სხდომაზე მონაკოში 5-9 ივლისს პოლონელმა დეპუტატმა მიხალ შჩერბამ წარადგინა, მისი თანაავტორი კი 36 პარლამენტარი იყო ცხრა ქვეყნიდან.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციის მთავრობას და პარლამენტს, ასევე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუბრკოლებლად შესვლის საშუალება მისცენ.

მასში, ასევე, ნათქვამია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებულია დევნილთა ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო როგორც საქართველოში, ისე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, ასევე, იმის გამო, მათ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება აქვთ წართმეული.

რეზოლუცია მიესალმება საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების შემდგომ დემოკრატიზაციას და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს 2012 წლის ოქტომბერში მომავალი საპარლამენტო არჩევნებისა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ეუთოს ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შესაბამისად ორგანიზება, განსაკუთრებით, საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობებისა და მედიის თავისუფალი და დამოუკიდებელი ფუნქციონირების თვალსაზრისით.

რეზოლუცია, ასევე, მოუწოდებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს, აღადგინონ ეუთოს მისია საქართველოში, რომელიც 2009 წლის ივნისში დაიხურა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მანდატის გაგრძელებაზე შეუთანხმებლობის გამო.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ასამბლეა ეუთოს საპარლამენტო ფორმატია, რომელშიც 320 დეპუტატია წარმოდგენილი ორგანიზაციის 56 წევრი სახელმწიფოდან, მათ შორის, რუსეთიდან.