აქტუალური
აუქციონი „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციებზე დღეს სრულდება

1-auqcioni-aqtualuri-3თბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100%-სა და „პროგრეს ბანკის“ აქციების 21.7%-ზე აუქციონი დღეს, 18:00 საათზე, სრულდება.

აუქციონი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოაცხადა. უწყების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ზემოაღნიშნული აქციები აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა.

ბიძინა ივანიშვილის აქციების 100% სს „ქართუ ჯგუფში“ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 151 880 661 ლარად შეაფასა, ხოლო აქციების 21.7% სს „პროგრეს ბანკში“ – 3 566 498 ლარად.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%, შესაბამისად, სს „ქართუ ჯგუფში“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის საწყისი ფასია 75 940 330,50 ლარი, ხოლო სს „პროგრეს ბანკში“ კუთვნილი აქციების 21.7% საწყისი ფასი – 1 783 249 ლარი.

მოვალის მიერ მასზე დაკისრებული თანხის გადახდის შემთხვევაში, გაუქმდება ყველა სააღსრულებო ღონისძიება, შესაბამისად, შეწყდება აუქციონის მიმდინარეობა და ქონებაზე დადებული ყადაღა მოიხსნება.

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს 26 ივნისს ყადაღა დაადო სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს – სს „ქართუ ბანკში“, აგრეთვე, აქციების 21.7%-ს – სს „პროგრეს ბანკში“.

თუმცა როგორც საქართველოში მყოფმა უცხოელი აქციონერების ადვოკატებმა განაცხადეს, ბიძინა ივანიშვილი არ არის „ქართუ ჯგუფის“ აქციონერი და „ქართუ ჯგუფის“ აქციების გაყიდვა უცხოური ინვესტიციების ექსპროპრიაციად შეფასდება. მათივე მტკიცებით, „ქართუ ჯგუფს“ 16 აქციონერი ჰყავს, აქედან 14 უცხოური კომპანიაა, ხოლო 2 – ქართული. „ქართუ ჯგუფში“ აქციების ფლობას თავად ივანიშვილიც უარყოფს.