პოლიტიკა
ივანიშვილმა ქვემო ქართლის მაჟორიტარული ოლქების კანდიდატები წარადგინა

1-deputat-politika-2თბილისი, 10 ივლისი, საქინფორმი. ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 9 ივლისს ქვემო ქართლის შვიდი საარჩევნო ოლქიდან ექვსში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

ქალაქ რუსთავში „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური იყრის კენჭს; გარდაბანში წარდგენილია ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე; წალკაში – აიკ მელტონიანი – 2004-2008 წლებში პარლამენტის მაჟორიტარი წევრი მრეწველთა პარტიიდან;  დმანისში – პაატა ხიზანიშვილი – „ბანკი ქართუს“ ერთ-ერთი განყოფილების უფროსი; ბოლნისში – დარეჯან ხვისტანი-ჩხეტიანი – ექიმი; თეთრიწყაროში – მამუკა აბულაძე.

მარნეულის ერთმანდატიან ოლქში კოალიციას ჯერჯერობით თავისი კანდიდატი არ დაუსახელებია.

კანდიდატები ბიძინა ივანიშვილმა წალკაში კოალიციის ოფისის პრეზენტაციის ფარგლებში დაასახელა.

გასულ კვირას მან ეთნიკურად სომეხი მოქალაქეებით დასახლებული წალკა ახალქალაქთან ერთად მხარდაჭერის თვალსაზრისით კოალიციისთვის პრობლემურ ადგილად დაასახელა. თუმცა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლში სიტუაცია ძალიან კარგად ვითარდება.