სამართალი
სასამართლომ 17 პირი შემოწირულობების გამო დააჯარიმა

1-dajarimeba-samarTali-3თბილისი, 9 ივლისი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის 17 წარმომადგენელი და თითოეულ მათგანს პარტიის სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 17 პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი რამდენიმე დღის წინ შეადგინა და საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.

პარტიებისთვის გადარიცხული შემოწირულობების ხუთმაგი ოდენობით სასამართლომ შემდეგი პირები დააჯარიმა:

დავით კაციტაძე – 135750ლარით, ზაალ გოგსაძე – 60 000 ლარით, გიგა ბუკია – 77250 ლარით, გივი რამაზაშვილი – 80000 ლარით, ბიძინა გუჯაბიძე – 150 000 ლარით, კახა ჩაკვეტაძე – 93460 ლარით, ლევან ჩიჩუა – 24987 ლარით, ლეილა ჩქარეული – 20 000 ლარით, მარინა ნადირაძე – 57 500 ლარით, ირმა დავითაძე – 78 365 ლარით, ავთანდილ დავითაძე – 114192 ლარით, გიორგი მოსიაშვილი – 125350 ლარით, მაია თანიაშვილი – 24987 ლარით, ირაკლი ჭუბაბრია – 79 145 ლარით, ბეჟან ედიშერაშვილი – 25 000 ლარით, ბადრი ცინცქილაძე – 40 100 ლარით და ალექსანდრე შალამბერიძე – 40 225 ლარით.

დაცვის მხარის ადვოკატები დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ აფასებენ და ამბობენ, რომ მათ არ მიეცათ მტკიცებულებების წარდგენის საშუალება.

მათი თქმით, სასამართლომ შეგნებულად განიხილა საქმე უქმე დღეებში, რადგან მათ არ მისცემოდათ შემოსავლის დამადასტურებელი სრული დოკუმენტაციის წარდგენის საშუალება.

პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე ასრულებს მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ დაკვეთებს. „კონსერვატიული პარტიის“ ეროვნული საბჭოს წევრი ბიძინა გუჯაბიძე ამბობს, რომ ხელისუფლების ინტერესებში შედის პოლიტიკური ოპონენტებისთვის ქონების დაყადაღება და დიდი ჯარიმების დადება, რომლებსაც ისინი ვერ გადაიხდიან.

გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაელოდა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ამირანაშვილი, რაც ადვოკატებმა ახსნეს იმით, რომ მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება წინასწარ იყო ცნობილი.

დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, რომელიც სასამართლომ, აგრეთვე, ცნო სამართალდამრღვევად და დააკისრა ჯარიმა 25 ათასი ლარის ოდენობით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადების მიხედვით, პოლიტიკური გაერთიანებებისათვის შეწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთებულობის დასადგენად ჩატარებულ გამოკითხვაში შემოწირულობის კანონიერება ვერ დაასაბუთა 17 პირმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1 პირი, „თავისუფალი საქართველო“ – 4 პირი, „ეროვნული ფორუმი“ – 7 პირი, „კონსერვატიული პარტია“ – 4 პირი, „ქართული ოცნება“ – 1 პირი.