სამართალი
წმიდა სინოდი: „ID ბარათი ანტიქრისტეს ბეჭედი არ არის“

1-ID-relig-1-samarT-2თბილისი, 9 ივლისი, საქინფორმი. სინოდის გადაწყვეტილება ID ბარათებთან დაკავშირებით ცნობილია. სინოდი თხოვნით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ ბარათების აღება ნებაყოფლობითი იყოს.

„ID ბარათები არ წარმოადგენს ანტიქრისტეს ბეჭედს. ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია, მაგრამ რადგან საზოგადოებაში იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, მთავრობას ვთხოვთ, რომ ბარათის აღება ნებაყოფლობითი იყოს, თუ კი ეს შესაძლებელია“, – განაცხადა წმიდა სინოდის წარმომადგენელმა.

მართლმადიდებელთა კრებულმა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება იმ მიმართვისთვის, რომელშიც საქართველოში ID ბარათების შემოღებას აპროტესტებს.

ამ პოზიციაზეა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც. საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომის მიმდინარეობისას მართლმადიდებელთა კრებულმა ჟურნალისტებში გაავრცელა პრეზიდენტისადმი მიმართვა, რომელშიც ისინი პირადობის ძველი ბარათების აღების და ნაღდი ფულით გადახდის შესაძლებლობას ითხოვენ. მათ 30 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს და პრეზიდენტს, პარლამენტს, იუსტიციის სამინისტროსა და საპატრიარქოს გადაუგზავნეს. კრებულის წევრები ხელისუფლებისგან ითხოვენ, შეწყდეს ადმინისტრაციული ძალადობა საქართველოს მოქალაქეებზე და ელექტრონული ბარათების აღება მხოლოდ ნებაყოფლობითი იყოს. კრებულის წევრების აზრით, აუცილებელია, ძალაში დარჩეს ახალ საბუთებამდე მოქმედი პირადობის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა. სახელმწიფოში ყველგან უნდა შენარჩუნდეს ფულადი ერთეულით გადახდა, ისევე, როგორც ბევრ ქვეყანაშია მიღებული და ახლო მომავალში, უკრაინის მსგავსად, მორწმუნეთათვის ცალკე ფორმით შეიქმნას არსებობისთვის აუცილებელი საბუთები.

მოქალაქეთა ID ბარათები ერთერთი განსახილველი თემა იყო სინოდის კრებაზე. რამდენიმესაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, წმიდა სინოდის განჩინება ჟურნალისტებს გორისა და სამთავისის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ გააცნო. წმიდა სინოდის განჩინებით, ID ბარათი ანტიქრისტეს ბეჭედი არ არის. თუმცა წმიდა სინოდს მიაჩნია, რომ სასურველია, ხელისუფლებამ პირადობის დამადასტურებელი ალტერნატიული საშუალება დაუშვას.

„სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. მაგრამ, რადგან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვოს საქართველოს მთავრობას, თუ შესაძლებელია, დაშვებულ იქნეს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები“, –  ნათქვამია წმიდა სინოდის სხდომის ოქმში.

ID ბარათების საკითხის გარდა, წმიდა სინოდმა ბაგრატის ტაძრის შესახებაც იმსჯელა. საქართველოს ეკლესია ბაგრატის ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენის მომხრეა. სინოდის წევრების აზრით, ვინაიდან ბაგრატის ტაძრის დასავლეთ მკლავის რესტავრაციისას გარკვეული პრობლემები შეიქმნა, აუცილებელია, სამუშაოები საქართველოს საპატრიარქოს, კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს წარმომადგენლებთან შეთანხმებული პროექტით გაგრძელდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სასულიერო პირები ბოლო დროს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე გამოჩნდნენ. ამ საკითხის შესახებ სინოდში საკუთარი შეფასებები აქვთ. მეუფეებისთვის რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობა მიუღებელია. მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა სინოდზე მოკლედ მიმოიხილა დღევანდელი საერთო ვითარება და ყურადღება გაამახვილა მომავალი თაობის სწორად აღზრდის მნიშვნელობასა და ახალგაზრდობის დასაქმების საკითხზე. წმიდა სინოდზე აღინიშნა, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება. ამიტომ კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში.

„ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი“, –  განაცხადა მიტროპოლიტმა.

„ქართული ოცნების“ აქციის ერთ-ერთ მონაწილე არქიმანდრიტ სტეფანეს აზრით, ბიძინა ივანიშვილის აქციაზე მისვლა პოლიტიკური ნაბიჯი არ ყოფილა, ეს იყო მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც სამება ააშენა. გარდა ამისა, არქიმანდრიტი გადაცემა „კვირის რეპორტაჟში“ 1 ივლისს გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელშიც ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს ფარული ჩანაწერია გამოყენებული. მიტროპოლიტი ჟურნალისტს უყვება, რომ „საერო პირების მხრიდან, განსაკუთრებით კი, გიგი უგულავასგან, ხშირად აქვს ადგილი პარტიარქის მიმართ ხმამაღალ საუბარს და ზოგჯერ ყვირილსაც“. უგულავამ ეს ინფორმაცია უარყო, მეუფე სერაფიმემ კი დამატებითი კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა. სამღვდელოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის ქმედება სპეცსამსახურების ქმედებას ჰგავდა. არქიმანდრიტ სტეფანეს თქმით, მედიის წარმომადგენელთა მსგავსი ქმედება და სასულიერო პირების ფარული ჩაწერა არაეთიკურია. ნებისმიერი ადამიანი, სულ მცირე, უნდა გააფრთხილო, რომ მისგან ინტერვიუს იღებ. მისივე განცხადებით, ყველასთვის ცნობილია, რომ პოლიტიკოსები სასულიერო ცხოვრებაში ხშირად ერევიან, რაც დამალული არ არის. თუ ამას საზოგადოება არ აღიარებს, ეს, არქიმანდრიტ სტეფანეს აზრით, თავის მოტყუება იქნება.