აქტუალური
საქართველოს რკინიგზის 500 მლნ აშშ დოლარის ევროობლიგაციები

1-evroobligaciebi-aqtualuriთბილისი, 9 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო მფლობელობაში არსებულმა სს „საქართველოს რკინიგზამ“ ივნის-ივლისში 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 10-წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა.

პირველად კომპანიამ 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები საფინანსო ბაზრებზე ხუთწლიანი ვადით 2010 წლის ივლისში განათავსა.

„ახალი ბონდების გაშვებამდე კომპანიამ წარმატებით მოახდინა არსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ბონდების ემისიის ტენდერით ამოსყიდვა, რომლებსაც ვადა 2015 წელს გასდიოდათ, – ნათქვამია კომპანიის 4 ივლისის პრესრელიზში, – ტენდერმა მონაწილეობის მაღალ მაჩვენებელს - 88.99%-ს მიაღწია, ხოლო გამოსყიდვის ფასმა 111,25 შეადგინა“.

როგორც კომპანიის პრესსამსახური აცხადებს, ახალი ევროობლიგაციების წლიური განაკვეთი 7.75% შეადგენს, ყოველ ნახევარ წელიწადში თანაბარი გადახდებით, ხოლო წინა ევროობლიგაციებზე ეს განაკვეთი 9.875%-ს შეადგენდა.

ამასთან, სახელმწიფო გასული წლიდან გეგმავდა, რომ „საქართველოს რკინიგზის“ აქციები საერთაშორისო ბირჟებზე გაეტანა, თუმცა ეს გეგმა რამდენჯერმე გადაიდო. ბოლოს რკინიგზის აქციათა 25%-ის ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველადი განთავსება მაისში გამოცხადდა, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით ისევ გადაიდო კვლავ საერთაშორისო ბაზრებზე არასახარბიელო მდგომარეობის მოტივით.

თუმცა, არაოფიციალური ვერსიით, საქართველოს მთავრობა შეშინებული იყო იმით, რომ საქართველოს რკინიგზის აქციებს ბიძინა ივანიშვილი შეიძენდა.