საზოგადოება
სპორტსმენი ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს

1-uSangi--sazogadoeba-1თბილისი, 9 ივლისი, საქინფორმი. მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის პირველობის ხუთგზის გამარჯვებული, სამბისტი უშანგი კუზანაშვილი ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. როგორც სპორტსმენის განცხადებაშია აღნიშნული, პოლიტიკური დევნა, რაც ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ეთერში 2 ივლისს გასულ სიუჟეტსა და კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის 26 ივნისისა და პროკურატურის 29 ივნისის შესაბამის განცხადებებში აისახა, ფონდი „ქართუს“ მიერ მისთვის ჩარიცხული პრემიალური თანხა გახდა.

როგორც უშანგი კუზანაშვილი აცხადებს, 19 მაისს საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ მოსკოვში იასპარეზა სამბოს ევროპის ჩემპიონატზე და მეხუთედ გახდა ჩემპიონი. ამის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და დახმარებისთვის პირადად მიმართა ფონდ „ქართუს“. თხოვნის საფუძველზე ფონდმა 28 მაისს საქველმოქმედო პრემიის სახით პირად ანგარიშზე ჩაურიცხა 10 000 დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარებში, ფონდ „ქართუსა“ და მას შორის ქველმოქმედების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

„ამ ხელშეკრულების თანახმად, ეს თანხა გაიცა „სპორტული საქმიანობისა და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად“. რაც უნდა ეცადოს ხელისუფლება, მოცემული ფაქტი ამომრჩევლის მოსყიდვად ვერ ჩაითვლება, რადგან ფონდი „ქართუს“ მხრიდან ეს თანხა ჩემთვის წლების განმავლობაში გაწეული ერთ-ერთი მორიგი დახმარება იყო და არა – პირველი შემთხვევა. ფონდი ქართუ 2007 წლიდან ყოველთვიურად მირიცხავს 1500 ლარს და ასეთ დახმარებას საზოგადოების არაერთი დამსახურებული წევრი იღებს იმავე ფონდიდან მრავალი წლის განმავლობაში“, – აცხადებს კუზანაშვილი.

ამასთან, სპორტსმენის თქმით, თუ მისთვის ჩარიცხული თანხებით ინტერესდებიან და ეს პოლიტიკური ნიშნით დევნა არ არის, მაშინ ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს მაგალითად, ფონდი „ქართუს“ მიერ ძიუდოში ევროპის ჩემპიონის, „ნაციონალური მოძრაობის“ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენელ ზაზა კედელაშვილისთვის ჩარიცხული თანხებით, რითაც ის დღემდე სარგებლობს; ასევე, დაინტერესდეს კრივის ეროვნული ფედერაციისთვის ჩარიცხული თანხებით, რომლის თავმჯდომარეც პარლამენტარი პეტრე ცისკარიშვილია და სხვა მრავალი ამგვარი საინტერესო ფაქტით.