პოლიტიკა
სააკაშვილი მზადაა, კრასნოდარში სამაშველო ჯგუფი გაგზავნოს

1-tragedia-politika-2თბილისი, 9 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრასნოდარის მხარეში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მზადაა, ქართული სამაშველო ჯგუფი გააგზავნოს.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.

„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ ტრაგედიის გამო, რომელიც დატრიალდა რუსეთში, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში, და პრეზიდენტის სახელით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. პრეზიდენტის დავალებით სამაშველო ჯგუფები სრულ მზადყოფნაში არიან იმისთვის, რომ გაემგზავრონ ჰაერით ან ზღვით და მიიღონ მონაწილეობა სამაშველო სამუშაოებში, რომელიც მიმდინარეობს სტიქიური უბედურების ზონაში“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, ქართული მხარე, ასევე, მზადაა, კრასნოდარში ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნოს. პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგარეო უწყებას შესაბამისი ინსტრუქციები უკვე მიღებული აქვს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კრასნოდარში წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავებულია.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 9 ივლისი რუსეთის მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოაცხადა.