თბილისი, 6 ივლისი, საქინფორმი. 5 ივლისს „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „ვის აძლევს ხელს სეპარატიზმი სამეგრელოში?“. დისკუსიაში ქართველი ჟურნალისტები, ექსპერტები და ისტორიკოსები მონაწილეობდნენ.
ბოლო ხანებში მოხშირდა პუბლიკაციები პრესაში, პოსტები, რეპლიკები „ცოცხალ ჟურნალში“ სამეგრელოს რეგიონის შესაძლო პრეტენზიების შესახებ თვითგამორკვევაზე.
განსახილველად წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები: არსებობს თუ არა სეპარატიზმის პრობლემა სამეგრელოში, ვის აძლევს ხელს მეგრელ საზოგადოებაში სეპარატისტული განწყობის გაძლიერება, გამართლებულია თუ არა წუხილი მეგრული ენის მომავალზე, როგორია ისტორიკოსთა შეხედულებები ამ პრობლემაზე?მრგვალი მაგიდის მონაწილეები საერთო დასკვნამდე მივიდნენ, რომ მეგრული სეპარატიზმი, როგორც ასეთი, არ არსებობს, მაგრამ მასმედიასა და ინტერნეტში მისი გაღვივება მიზნად ისახავს, დაასუსტოს საქართველო და მეზობლებისათვის მოწყვლადი გახადოს იგი.
„საქართველო მთლიანად და მისი რეგიონები, კერძოდ, სამეგრელო, დიდი პოლიტიკის გზაგასაყარზე მდებარეობენ. ყველა აქ მცხოვრებს მკაფიოდ უნდა ესმოდეს ის რისკები, რომლებიც არსებობს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე გარედან. ბოლო ხანებში ინტერნეტში ძალიან გააქტიურდა ე.წ. მეგრული თემა, რომ არსებობს ენის პრობლემა, თვითგამორკვევის პრობლემა, ავტონომიის პრობლემები“, – განაცხადა პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა გელა ვასაძემ.
მან აღნიშნა, რომ რუსულენოვან ინტერნეტში გამოჩნდნენ „გაუგებარი იუზერები, მათ შორის, ვინმე a_shamugia, რომელმაც მეგრული ენაც კი არ იცის, მაგრამ მეგრელი ხალხის უფლებების დიდ დამცველად წარმოგვიდგენს თავს“.
„ცოცხალი ჟურნალის ეს მომხმარებლები გამუდმებით ლაპარაკობენ ენაზე და სამეგრელოს ტერიტორიული ავტონომიის აუცილებლობაზე“, – აღნიშნა ვასაძემ.
მას დაეთანხმა მეორე ექსპერტი, ინტერნეტპორტალ „Грузия Online“-ის მთავარი რედაქტორი გოჩა გვარამია, რომელმაც აღნიშნა, რომ „ცოცხალი ჟურნალის რუსულენოვან სეგმენტში არის რამდენიმე მომხმარებელი, რომლებიც გამუდმებით ავითარებენ სამეგრელოს რეგიონის ტერიტორიული ავტონომიის შექმნის იდეას”.
„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთი მართლაც „კავკასიურ ხაფანგში“ მოხვდა. ეს ხაფანგი ორი ნაწილისგან შედგება – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ანუ სამხრეთ ოსეთი. საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე გამოსავალი არ არსებობს. არადა, საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარება შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში აღიარების უკან გაწვევა მოუწევს. იმისათვის, რომ თავისი გავლენის ზონა რამენაირად გააფართოოს, ამ მიმართულებით ერთადერთი ლოგიკური ნაბიჯი იქნება რეგიონის წართმევა, რომელიც, ჩემი აზრით, ეკონომიკის, გეოგრაფიის, პოლიტიკის თვალსაზრისით საკვანძოა. ლაპარაკია სამეგრელოსა და მის ქალაქებზე – ფოთსა და სენაკზე“, – განაცხადა გელა ვასაძემ.
მისი თქმით, „რუსეთში იქმნება საინფორმაციო ფონი იმისათვის, რომ თუ ამ ტერიტორიის წართმევის მცირე შესაძლებლობა მაინც გამოჩნდება, ამით ისარგებლონ“.
შეკითხვაზე, არსებობს თუ არა მეგრული ენის, როგორც დამწერლობის არმქონე ენის, გაქრობის საშიშროება, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა უპასუხა:
„ბოლო ათასწლეულის მანძილზე ოფიციალური ენა, სახელმწიფო საქმეთწარმოების, ეროვნული კულტურისა და ღვთისმსახურების ენა სამეგრელოში ქართული ენა იყო, ისევე, როგორც აფხაზეთში. მაგრამ არც აფხაზური და არც მეგრული ენები არ გამქრალა, ასე რომ, მეგრულს, როგორც დამწერლობის არმქონე ენას, არანაირი საფრთხე არ ემუქრება“.
თავის მხრივ, ჟურნალისტმა, საქართველოში „რია ნოვოსტის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბესიკ ფიფიამ მოიყვანა ციტატა ბროშურიდან „К вопросу о мингрельской начальной школе“, რომელიც 1903 წელს სანკტ-პეტერბურგშია გამოცემული.
„ისტორია მოგვითხრობს, რომ უხსოვარი დროიდან მეგრელებისთვის ქართული ენა რელიგიური, ღვთისმსახურების, სასკოლო, ლიტერატურული და სასამართლო-ადმინისტრაციული ენა იყო. მეგრელები, რომლებმაც ქრისტიანობა აღმოსავლეთ ქართველებზე სამი ასწლეულით ადრე მიიღეს, მაცხოვარს თავიანთ ძირითად ენაზე – ქართულად ადიდებდნენ... სამეგრელოს ფარგლებში საეკლესიო კათედრას სხვა ენა, ქართულის გარდა, არასოდეს სცოდნია. ისეთი პერიოდებიც კი ყოფილა, როდესაც ჭყონდიდის სამიტროპოლიტო კათედრა ქართულ მჭევრმეტყველებაში პირველ ადგილს იკავებდა და მთელ საქართველოში საუკეთესო მქადაგებლებს წარადგენდა“.
როგორც სამეცნიერო აკადემია „ფაზისის“ აკადემიკოსმა ანზორ შონიამ აღნიშნა, „სამეგრელოში სეპარატიზმი არასოდეს ყოფილა, პერიოდულად მიდიოდა ლაპარაკი ავტონომიის შექმნაზე, მაგრამ ამისი ინიციატორები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მაღალი თანამდებობების მიღება სურდათ“.
გოჩა გვარამიას აზრით, სამეგრელო ქვეყნის საკვანძო რეგიონია: „სამეგრელოს მოწყვეტის შემდეგ ადვილად შეიძლება დანარჩენი საქართველოს გაკონტროლება, ყველა გზა შავი ზღვის სანაპიროდან აღმოსავლეთ საქართველომდე ამ რეგიონზე გადის“.
„მეგრული სეპარატიზმის განვითარების საფრთხის პრობლემა არ არსებობს, იმიტომ, რომ ამას თავად მეგრელები არ დაუშვებენ. მათ კარგად ესმით, რომ როგორც გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით საქართველოს სახელმწიფოებრიობის ბირთვს შეადგენენ. მეგრული სეპარატიზმი ხელს აძლევს იმას, ვისაც საქართველოს დაშლა და მთლიანად დაპყრობა სურს“, – დასძინა გვარამიამ.
ამასთან დაკავშირებით გელა ვასაძემ აღნიშნა, რომ, მისი აზრით, პრესასა და ინტერნეტში პუბლიკაციების მიზანია „არა მეგრული სეპარატიზმის გააქტიურება, არამედ სურვილი, ინფორმაციულ ველზე აჩვენონ, რომ ამგვარი სეპარატიზმი არსებობს“.
„თუ რუსულ ინფორმაციულ ველზე ეს თემა აღნიშნული იქნება, შემდგომში შესაძლებელი გახდება ამისი გამოყენება სამეგრელოს შესაძლო სეცესიის გასამართლებლად“, – მიიჩნევს ვასაძე.
გვარამიამ უპასუხა, რომ ეს ინფორმაციული ფონი უკვე შექმნილია – სახელმწიფო დონეზე. „მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთში ამდენი და ამდენი ქართველი, მეგრელი, სვანი, აჭარელი ცხოვრობს“.
როგორც ბესიკ ფიფიამ აღნიშნა, „ამ აღწერის მონაცემებით, რუსეთში, დაახლოებით, 300 ათასი ქართველი და ათას ხუთასი მეგრელი ცხოვრობს, ანუ, დაახლოებით, 0,5 პროცენტი, ეს კი უმნიშვნელო ციფრია“.
ამ მონაცემთა არაობიექტურობაზე ვასაძემაც ილაპარაკა და ხაზი გაუსვა, რომ ამ აღწერის მიხედვით, „რუსეთში 45 ჰობიტი ცხოვრობს, ანუ 45 ადამიანმა საკუთარ თავს ჰობიტი უწოდა“.
„რუსეთშიც და სამეგრელოშიც შემხვედრიან ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ: „მე ქართველი არა ვარ, მეგრელი ვარ“, მაგრამ მათი რაოდენობა ძალზე მცირეა“, – მიიჩნევს ბესიკ ფიფია.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – რამ შეიძლება მოახდინოს სამეგრელოში სეპარატიზმის პროვოცირება, ზურაბ პაპასკირმა უპასუხა: „ცენტრში სახელმწიფო ხელისუფლების მკვეთრმა დასუსტებამ, საერთო პოლიტიკურმა კრიზისმა ქვეყანაში“.
გელა ვასაძემ, აგრეთვე, აღნიშნა. რომ „ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დასუსტებამ შესაძლოა, მოახდინოს სეპარატიზმის პროვოცირება არა მარტო სამეგრელოში, არამედ, ფაქტობრივად, ყველა რეგიონში: სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში, იმერეთში და გურიაშიც კი, რომელიც აჭარას შეუერთდება“.
„რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო ცენტრი