საზოგადოება
დებატები ევროპარლამენტში: „ივანიშვილის ლობისტები“ და „არაადეკვატური დეპუტატები...“

1-debatebi-sazogadeoba-1თბილისი, 6 ივლისი, საქინფორმი. ევროპარლამენტმა სტრასბურგში საქართველოში წინაარჩევნოდ არსებული სიტუაციის შესახებ დებატები გამართა, რომლის დროსაც დიდი აქცენტი ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილზე გაკეთდა.

დებატების შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმაც გამოთქვა მოსაზრება თავის კერძო საუბარში ახალ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. საუბრის ვიდეოჩანაწერში, რომელიც  ტელეკომპანია „მაესტრომ“ საჯარო გახადა, სააკაშვილი ეუბნება მერაბიშვილს, რომ იმათ, ვინც დებატები ევროპარლამენტის დღის წესრიგში „გაათრიეს“, „დედა ეტირათ ვაბშე.“ „სტრასბურგში დედა უტირეს... იმენნა ბოლომდე შეჯდა ყველა“, – ამბობს სააკაშვილი.

დებატებისას 14-მდე ევროპარლამენტარი გამოვიდა სიტყვით; ხუთი მათგანი ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP) იყო, რომელსაც ევროპარლამენტში ყველაზე დიდი ფრაქცია ჰყავს. ევროპარლამენტარები „EPP“-იდან საკმაოდ პირდაპირები იყვნენ თავიანთ განცხადებებში; ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ ასეთი დებატების საჭიროებას და ამბობდნენ, რომ საქართველოს საარჩევნო პროცესის განხილვის აუცილებლობა არ არსებობდა და საკითხი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული კომპანიების აქტიური ლობირების შედეგად შევიდა დღის წესრიგში. ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთმა დეპუტატმა ისიც კი განაცხადა, რომ ივანიშვილი პრორუსული ოპოზიციური პოლიტიკოსია – ასეთ ბრალდებას საქართველოს მმართველი პარტიის ბევრი წარმომადგენელი ეთანხმება. პრეზიდენტ სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ „EPP“-ში „დამკვირვებელი წევრის“ სტატუსი აქვს.

ევროპარლამენტში დებატების ინიციატორი იყო ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE). თუ სააკაშვილის პარტია „EPP“-ის პარტნიორია, ორი პარტია ივანიშვილის კოალიციიდან – „რესპუბლიკური პარტია“ და „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – „ALDE“-ს პარტნიორ პარტიებს წარმოადგენენ.

დებატების დაწყებამდე ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის – კეტრინ ეშტონის, განცხადება მოისმინეს. ეშტონი პირადად არ ესწრებოდა დებატებს და მისი წერილობითი განცხადება კვიპროსის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეას მავროიანისმა წაიკითხა, რომლის ქვეყანაც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ივნისის მიწურულს პრეზიდენტ სააკაშვილის ბრიუსელში ვიზიტის დროს, ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრებისას ხაზი გაუსვეს სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.

„ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნეთ, რომ არსებობს აღქმა იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ცდილობს, შეაფერხოს ოპოზიციონერ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა, მის წინააღმდეგ მიმართულია რესურსები და კანონი პარტიების დაფინანსების შესახებ ცალმხრივად გამოიყენება. ჩვენ დაჟინებით უნდა მოვითხოვოთ, რომ კანონების გამოყენება სწორად და გამჭვირვალედ მოხდეს, რათა პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მეორე მხრივ, ასევე, არსებობს აღქმა, რომ ბატონი ივანიშვილი თავის ფინანსურ აქტივებს იყენებს საარჩევნო სარგებლისთვის და ეს ლეგიტიმური წუხილია. და კიდევ ერთხელ ჩვენ დაჟინებით უნდა მოვითხოვოთ, რომ თანაბარი პირობები იყოს უზრუნველყოფილი დემოკრატიული კონკურენციისთვის და რომ შეუძლებელი უნდა იყოს ხმების ყიდვა“.

ეშტონის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის ყურადღება განსაკუთრებით მიმართულია მედიასაშუალებების თანაბარი ხელმისაწვდომობის საჭიროებისკენ. „ცნობილია, რომ ხელისუფლების მხარდამჭერ ორ მთავარ სატელევიზიო არხს მეტი დაფარვა აქვს, ვიდრე უფრო კრიტიკულ არხებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც, ასევე, აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მიესალმა ამასწინათ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც წინასაარჩევნო პერიოდში „must-carry/must offer“-ის პრინციპები დაინერგა.

დებატები პოლონელი დეპუტატის, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრ კშიშტოფ ლიზეკის გამოსვლით დაიწყო, რომლის მოხსენების საფუძველზეც შარშან ნოემბერში ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო და რის გამოც ლიზეკი პრეზიდენტმა სააკაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

ლიზეკმა განაცხადა, რომ ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ევროპარლამენტი ახლა საქართველოს საარჩევნო პროცესს განიხილავს, არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური ფირმების ძალისხმევა. მისი თქმით, უკვე თვეებია, რაც ევროპარლამენტარები ევროპაში ივანიშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისგან იღებენ უამრავ გზავნილს და ინფორმაციას, სადაც სააკაშვილი „მონსტრად“ არის გამოყვანილი. მისი თქმით, ახლა ასეთი დებატების საჭიროება საერთოდ არ იყო და იქვე აღნიშნა 2011 წლის ნოემბერში მიღებული რეზოლუცია, რომელშიც დადებითად არის მოხსენიებული საქართველოს ხელისუფლების რეფორმებისკენ მიმართული ძალისხმევა.

„ოლიგარქების მონაწილეობას პოლიტიკაში არასდროს მოუტანია დადებითი შედეგები“, – განაცხადა მან.

რუმინელმა დეპუტატმა ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსიდან (ALDE) ნორიკა ნიკოლაიმ უპასუხა, რომ ის ფაქტი, რომ ოპოზიციას უძღვება მდიდარი კაცი, თავისთავად, კანონის დარღვევას არ წარმოადგენს და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ არჩევნები ევროპული დემოკრატიული სტანდარტების სრულ შესაბამისობაში ჩატარდეს.

ავსტრიელმა დეპუტატმა მწვანეთა პარტიიდან ულრიკე ლუნაჩეკმა განაცხადა, რომ ასეთი დებატები საჭირო იყო, ვინაიდან ბოლო დღეებში ევროპარლამენტს როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ, რომლებიც საპირისპირო შეხედულებებს გამოთქვამდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ რომელიმე პარტიის მხარე კი არ უნდა დავიკავოთ... რაც მე მაშფოთებს და რასაც უნდა შეეხოს ჩვენი დებატები არის ის, რომ გავაფრთხილოთ ქართველები – როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება, რომ სიტყვების ომი და გაუმჭვირვალე პირობები საქართველოს იმიჯს აზარალებს, – განაცხადა მან. – პირადად არც მე მიყვარს ოლიგარქები პოლიტიკაში, მაგრამ ის, თუ რამდენი ფული გაქვს პიროვნებას, არ უნდა გახდეს კრიტერიუმი იმისა, უნდა აგირჩიონ თუ არა“.

პოლონელმა დეპუტატმა ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ფრაქციიდან თომაშ პიოტრ პორებამ, ძირითადად, ლიზეკის განცხადებები გაიმეორა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სადებატო ახლა არაფერია.

გაიმეორა რა საქართველოს ხელისუფლების ბრალდებები, რომ ივანიშვილი თავისი ძმის კომპანიას იყენებდა ამომრჩევლებისთვის სატელიტური ანტენების დასარიგებლად, გერმანელმა ევროპარლამენტარმა ელმარ ბროკმა „EPP“-ის ფრაქციიდან განაცხადა, რომ ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ზედმიწევნით შემოწმება ლეგიტიმურია. მან, ასევე, განაცხადა, რომ ლობისტურმა კომპანიებმა ვერ უნდა უკარნახონ ევროპას, როგორ განსაზღვროს თავისი სამეზობლო პოლიტიკა.

ბულგარელმა დეპუტატმა კრისტიან ვიგენინმა სოციალ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსიდან განაცხადა, რომ ასეთი დებატები არ უნდა იქნეს აღქმული როგორც უნდობლობა რომელიმე ქვეყნის მიმართ.

„ვერავინ უარყოფს, რომ საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწია... მე ვთხოვ ჩემს კოლეგებს, ნუ გააზვიადებენ და ნურც დააკნინებენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ  საქართველოში პოლიტიკური ომი მიმდინარეობს და ორივე მხარე სრულად იყენებს იმ იარაღს, რომელიც აქვთ“, – განაცხადა ვიგენინმა და დასძინა, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლება ადმინისტრაციულ და სამართლებრივ რესურსებს იყენებს, ოპოზიცია ივანიშვილის ფინანსურ რესურსებს ეყრდნობა.

„თუ ორივე მხარის განმარტებებს მოუსმენთ საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, გეგონებათ, რომ ეს ორი სრულიად სხვადასხვა ქვეყანაა და ეს უკვე პრობლემის მანიშნებელია“, – განაცხადა ვიგენინმა.

პოლონელმა დეპუტატმა ევროპის კონსერვატორთა და რეფორმისტთა ფრაქციიდან ადამ ბილანმა თავის გამოსვლაში რუსეთის ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნები „კავკასია 2012“ ახსენა, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს არჩევნებს ემთხვევა. მან, ასევე, განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთი არ ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში, მათ შორის, ოპოზიციური ჯგუფების დაფინანსების გზით.

ლიტველმა დეპუტატმა „EPP“-ის ფრაქციიდან ვიტაუტას ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ უზარმაზარი რაოდენობის რუსული ფულის ინტერვენცია საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის, რაც, მისი თქმით, მიზნად ისახავს საქართველოს გადაყვანას მისი ევროპული ინტეგრაციის გზიდან რუსული გავლენისკენ. მან, ასევე, განაცხადა, რომ ბრალდებები საქართველოში თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით კრემლთან დაკავშირებული ლობისტური პროპაგანდიდან მოდის.

ბრიტანელმა ევროპარლამენტარმა რიჩარდ ჰოვიტმა სოციალ-დემოკრატთა პროგრესული ალიანსიდან განაცხადა, რომ მართებულია გადაწყვეტილება, რომ ევროპარლამენტი განიხილავს ცნობებს საქართველოში არჩევნების წინ დაპატიმრებების, აქტივების დაყადაღებისა და მედიის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის თაობაზე. მან, ასევე, განაცხადა, რომ რამდენიმე საკაბელო კომპანიის მიერ პროოპოზიციური არხების ტრანზიტზე უარის თქმა გაუმართლებელია და დასძინა, რომ ევროპარლამენტარების მიერ ამ საკითხების წამოწევა საქართველოსთან მეგობრული სულისკვეთების ფარგლებში ხდება. მან, ასევე, განაცხადა, რომ ევროპის სახალხო პარტია (EPP) აპირებს ბათუმში ღონისძიების ჩატარებას, „რაც, შესაძლოა, განხილულ იქნეს როგორც „EPP“-ის მხრიდან სააკაშვილის პარტიის დახმარების მცდელობა“. მისი თქმით, ევროპარლამენტის როლი უნდა იყოს ქმედითი დემოკრატიის ხელშეწყობა და ყველა პარტიისადმი ერთი და იმავე სტანდარტებით უნდა მოხდეს მიდგომა.

ფრანგმა დეპუტატმა „EPP“-ის ფრაქციიდან არნო დანჟანმა განაცხადა, რომ ის გაკვირვებულია ამ საკითხზე დებატების გამართვის გამო. მისი თქმით, ლობისტების დახმარებით „ოლიგარქმა“ ივანიშვილმა წარმატებით შეიტანა ეს საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში. მან, ასევე, განაცხადა, რომ ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციაზე იმსჯელონ, ისინი ახლა საქართველოში საარჩევნო პროცესს განიხილავენ.

„რა თქმა, ჩვენ კარტ-ბლანში არ უნდა მივცეთ სააკაშვილს, თუმცა იმ ოლიგარქისთვის კარტ-ბლანშის მიცემა, რათა მან თავისი პოლიტიკური მიზნები განახორციელოს, მე უფრო სახიფათოდ მიმაჩნია“, – განაცხადა  დანჟანმა.

ესტონელმა დეპუტატმა კრისტინა ოიულანდმა „ALDE“-ის ფრაქციიდან განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში თავი უნდა შეიკავოს „პოლიტიკური პროცესის ქუჩებში გადატანისგან“.

ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ფრაქციიდან ბრიტანელმა დეპუტატმა ჩარლზ ტანოკმა იმედი გამოთქვა, რომ ოქტომბრის არჩევნებზე თანაბარი პირობები იქნება შექმნილი.

ევროპარლამენტის წევრმა ესტონეთიდან ტუნე კელამმა, რომელიც „EPP“-ის ფრაქციის წევრია, მიანიშნა, რომ ივანიშვილის უკან რუსეთი დგას და აღნიშნა, რომ გულუბრყვილობა იქნება იმის ფიქრი, რომ საქართველოს არჩევნებში გარედან ჩარევა არ იქნება ქვეყნის ევროპული გზიდან გადაყვანის მცდელობა.

დებატების დასრულებამდე კვიპროსის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეას მავროიანისმა დასკვნითი განცხადება წაიკითხა ეშტონის სახელით, სადაც ნათქვამია, რომ სამართლიანი და თანაბარი მონაწილეობა არჩევნებში მნიშვნელოვანი იქნება არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მისაღწევად.

„ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ, პირდაპირი ან არაპირდაპირი, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ან სამართლის შერჩევით გამოყენება პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებს“.

განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება არჩევნების წინ საქართველოში არსებულ სიტუაციას და, ასევე, ეძებს შესაძლებლობას, დამატებითი დახმარება აღმოუჩინოს, რათა პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა უზრუნველყოს, მათ შორის, ხმის მიცემის მონიტორინგის, ეგზიტპოლისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერის გზით.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ თინა ხიდაშელმა  4 ივლისს ტელეკომპანია „მაესტროს“ სტრასბურგიდან სატელეფონო ჩართვის დროს განუცხადა, რომ დებატები ძალიან მნიშვნელოვანი იყო და „ერთადერთი დეპუტატი ევროპარლამენტის, რომელიც, ჩემი აზრით, იყო საკმაოდ არაადეკვატური, ეს იყო ლანდსბერგისი“.

„ყველა სხვა დანარჩენი გამოსვლა იყო მეტ-ნაკლებად დაბალანსებული“, – განაცხადა მან.