საზოგადოება
სააკაშვილი: „ამის ჩვენება მინდოდა მთავრობისთვის“
1-sofelSi-sazogadoeba-3თბილისი, 6 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა ახალ მინისტრთა კაბინეტს პირველ სამუშაო დღეს ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითის რეალობა უჩვენა.
მიხეილ სააკაშვილი მთავრობის წევრებთან სოფლის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. როგორც მან აღნიშნა, ჭიათურაში ძალიან კარგი, დარბაისელი და შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. „ეს ჩემზე უკეთ არავინ იცის, რადგან ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი ჭიათურაში მაქვს გატარებული და არცერთი წყობის დროს აქაურობას არაფერი ეშველა. დღეს ვერტმფრენები სპეციალურად არ დავსვით აქ, დავსვით ქვემოთ და ეს გზა 40-45 წუთი ვატარეთ მთავრობა ავტობუსით, რომ ენახათ, თითოეული თქვენგანი რა გზას გადის, მაგალითად, ჭიათურაში და უკან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა მინისტრთა კაბინეტს ადგილობრივი ძველი სკოლაც უჩვენა და აღნიშნა, რომ მასაც არაფერი ეშველა. პრეზიდენტის თქმით, ვიდრე ასეთი თუნდაც ერთი სკოლა იარსებებს, განათლების რეფორმის წარმატებაზე საუბარი ნაადრევია.
„ჩვენ ბევრი ძალიან მაგარი სკოლა ავაშენეთ – ზოგიერთი ისეთი, შვეიცარიაში, ჰოლანდიაში და ამერიკაშიც რომ არ არის. ბევრი ფილარმონიას ჰგავს, მაგარი ლიფტებით, შუშის ფასადებით, უმაგრესი სპორტული დარბაზებით, სადაც შეგიძლია მსოფლიო ჩემპიონატები ატარო. მაგრამ ჯერ საქართველოში დიდი ნაწილი არის ასეთი სკოლები. სანამ ერთი ასეთი სკოლა მაინც არის, ძნელია, ილაპარაკო, რომ განათლების რეფორმა ბოლომდე წარმატებულია და ხალხისთვის რამეს ცვლის. 8 წელი გავიდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და მთელი თაობა გაიზარდა ამ სკოლაში, რომელსაც არაფერი გაუმჯობესება არ უნახავს, თუ არ ჩავთვლით სახელმძღვანელოებს და მერხებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა სოფელში უწყლობის პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღარ შეიძლება ადამიანებს ისევე სჭირდებოდეთ წყლის ზიდვა კილომეტრებიდან დოქებით, როგორც 5 საუკუნის წინ ხდებოდა.
„ამის ჩვენება მინდოდა მთავრობისთვის“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.