პოლიტიკა
უმადურობა

1-anons-umaduroba---Copyარაფერი ისე არ ამშვენებს ადამიანს, როგორც მადლიერება, სხვათა ამაგის დაფასების უნარი... და არაფერი იწვევს ისეთ ზიზღს, როგორც უმადურობა. ანდაზაც კი შექმნეს ჩვენმა შორეულმა წინაპრებმა უმადურ კაცზე და ანდერძად დაგვიტოვეს საუკუნო სიძულვილი უმადურობისადმი: „ობოლო, ვის მოკლავო და – ვინც გამზარდა, იმასაო“ (რათა, შე უღმერთოვ, რათა!).

უმადურობა დიდ ცოდვადაც ითვლება ნებისმიერი აღმსარებლობის ხალხში. აბა გაიხსენეთ, უფლისგან როგორ ისჯება უმადურობა ქართულ, სპარსულ, არაბულ თუ სხვა ქვეყნების ხალხთა ზღაპრებში. ამირანის მითის გახსენებაც კმარა საამისოდ: მითის მიხედვით, ქრისტე ღმერთი ამირანის ნათლია იყო და მან თავის ნათლულს საოცარი ძალა და ენერგია დაანათლა. ამირანმა ყველა დაამარცხა, დედამიწაზე მეტოქე აღარავინ ჰყავდა და ბოლოს ნათლია ღმერთს აუხირდა – გინდა თუ არა, უნდა მეჭიდავოო, ბოლოს და ბოლოს, უნდა დადგინდეს, ვინ არის ჩვენ შორის უძლიერესიო. ამირან, ჭკუას მოდი, ჩემთან შეჭიდება რამ გაფიქრებინაო, – უსაყვედურა ნათლიამ. ამირანმა არ დაიშალა და უდიერადაც მიმართა. მაშინ უფალმა ამირანი კავკასიის ქედის ერთ სალ კლდეს მიაბა და საუკუნო სატანჯველში ჩააგდო.

ხალხის ცნობიერებაში ასე დაისაჯა უმადურობა და მასზე დამყნილი სიბრიყვე.

ერთმა უმადურმა და ბრიყვმა კაცმაც კი შეიძლება უსიამოვნება მოუტანოს საზოგადოებას და თუ ბევრი გაბრიყვდა, მტრისას.

ჩვენდა სამწუხაროდ და სავალალოდ, ამნაირმა უმადურობამ და სიბრიყვემ დაგვრია ხელი ქართველობას და ვისჯებით განგებისაგან კარგა ხანია და მაინც ვერ მივმხვდარვართ ჩვენს სიბრიყვეს.

გუშინდელი დღეა და ბევრს უნდა ახსოვდეს: ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოთხოვნა აგორდა 80-იანი წლების საქართველოში და ხალხის მასები ისე აიყოლია და გაიტაცა, მოვარდნილი ნიაღვარი რომ გაიტაცებს ხოლმე ფოთლებსა თუ ჩალაბულას. ხალხის გაბრიყვებას ბევრი კი არაფერი უნდა: დაჰპირდი მუქთა სმა-ჭამას და იმწამსვე გადაეკეტება აზროვნების უნარი. აბა, სხვა რა იყო 80-იან წლებში ჩვენი ხალხის უკიდურესი აღტყინების მიზეზი?

დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ გვექნება, ჩვენს ულეველ სიმდიდრეს ჩვენვე მოვიხმართ და ვიცხოვრებთ ბედნიერადო, – ასე ეგონა ხალხის ნაწილს.

ჩვენ მხოლოდ ბორჯომის წყალი გვაცხოვრებს, სხვა რომ არა იყოს რაო, – მიმტკიცებდა ერთი ჩემი მეგობარი მწერალი კაცი და მას მხარს აქტიურად უბამდა მასზე უფრო ხნიერი და გამოცდილი, აგრეთვე, მწერალი.

ბორჯომი ბორჯომად, მაგრამ ჩვენი ჩაი? ჩვენი მსოფლიოში საუკეთესო მარგანეცი? ჩვენნაირი ღვინო ხომ მსოფლიოში არ არის! ახლა ციტრუსები, ახლა ელმავლები (რომელსაც თურმე სულ მუქთად ვაძლევთ რუსებსა და სხვა მოკავშირე რესპუბლიკებს!, ქართული თუჯი და ფოლადი... რას ამბობთ, კაცო, სულ შეიხებივით ვიცხოვრებთ! – ქადაგებდნენ სხვები.

რუსეთს მიაქვს ჩვენი ეროვნული შემოსავლის უდიდესი ნაწილი, – ეს იყო მთავარი მოტივი, რასაც ბრმად მიჰყვა მოსახლეობის უმრავლესობა.

ქართველი ბუნებით ისეც სულსწრაფია (აბა, „დღევანდელი კვერცხი რომ ურჩევნია ხვალინდელ ქათამს“, მე კი არ დამიბრალებია მისთვის!) და ამისთანა კეთილდღეობის პერსპექტივას რომ დაანახვებ, არიქა, ჩქარა მოვიპოვოთ დამოუკიდებლობაო, იხუვლეს და დამპყრობელი და კოლონიზატორი რუსეთის ძირფესვიანად ამოთხრა მოინდომეს ქართველთა შეგნებიდან. ბევრს გადაუტრიალეს კიდევაც ტვინი...

ამასწინათ, ერთ-ერთ პოპულარულ სატელევიზიო გადაცემაში ვინმე თინეიჯერმა კი არა, მწერალმა, მეცნიერების დოქტორმა და პროფესორმა გაწიწმატებულმა განაცხადა: თუ რამე ტერიტორია გვაქვს დაკარგული, ყველაფერი რუსეთის მიერაა წართმეული, სხვას ერთი გოჯიც არ წაურთმევიაო. აბა, ტაო-კლარჯეთი და სხვა ტერიტორიები, თურქეთის შემადგენლობაში რომ არის, ნებაყოფლობითაა გადაცემულიო? – მორიდებით ჰკითხა ერთმა სერიოზულმა ისტორიკოსმა. ის ტერიტორიები ბიზანტიას ეკუთვნოდა და თურქეთმა მემკვიდრეობით მიიღოო, – ისე გაწიწმატებულმა შეუტია იმ მწერალმა შემკითხველს, თითქოს თვითონ იყო ისტორიკოსი, ის მორიდებული კაცი კი – მწერალი.

მე იმის მომხრე და მოწადინე ვარ, ყველა მეზობელთან ვიმეგობროთ, წარსულის ცოდვები ერთმანეთს არ გავახსენოთ, მაგრამ ასეთი უმადურობა ღვთის საწყენი საქმეა და დავისჯებით უთუოდ. დღევანდელ თურქეთს ღმერთმა სიკეთე მისცეს, მაგრამ რაც თურქეთმა საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს უბედურება დააწია, წერა-კითხვის მცოდნე კაცმა ანაგებად მაინც არ უნდა იცოდეს? არა, იმ პროფესორს ეს როგორ არ ეცოდინებოდა, მაგრამ რუსეთზე უნდა ეთქვა დამპყრობელიაო და ვეღარ მოზომა სათქ-მელი (რამ გააწიწმატა, არ ვიცი!)

არადა, ვინ არ იცის, ნეტავი, რომ 1801 წელს, როდესაც საქართველო რუსეთს შეუერთდა („შეუერთდა“ და არა „დაიპყრო“!), თურქეთის საზღვარი იქით ნატანებთან, აქეთ ბორჯომთან და წალკასთან იყო. ახალციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია 1821 წელს წაართვა თურქეთს რუსეთმა (ქართველებიც მონაწილეობდნენ!), აჭარა კი 1878 წელს დაუბრუნეს საქართველოს.

იმის შეხსენებისაგან თავს არავის შევაწყენ, თუ რამდენ ნაწილად იყო დაყოფილი საქართველო რუსთთან შეერთებამდე და მათი გაერთიანების არანაირი პერსპექტივა აღარ არსებობდა. თვით აღმოსავლეთი საქართველოც არ იყო ერთიანი. იმ „მწერალს“ მაინც უნდა სცოდნოდა, რომ ქართლელები ერეკლე მეორეს თავიანთ ლეგიტიმური ტახტის მემკვიდრედ არ მიიჩნევდნენ, თუმცა მისი დიდი პიროვნული ავტორიტეტისა და პოპულარობის გამო აღიარებდნენ მეფედ, მაგრამ როდესაც მისი შვილი გიორგი XII გამეფებიდან ორი წლისთავზე აღესრულა, ქართლელებმა დავით XII ტახტზე არ დასვეს – კახეთში იმეფოს მაგანო. თვითონ ერეკლეს შვილებიც კახთა ბატონებად თვლიდნენ თავს. ამიტომ იყო, რომ კრწანისის ბრძოლაში შვილები არ ამოუდგნენ ერეკლეს გვერდში (უფროსი შვილი და ტახტის მემკვიდრე სიღნაღში ქეიფობდა იმ დროს!)

ჰო, და იმას ვამბობდი, ერეკლეს შთამომავალი დავითი ქართლელებმა ტახტზე არ დასვეს – ბაგრატიონ მუხრანელი უნდა იყოსო მეფე. ატყდა ჩხუბი, დახოცეს კინაღამ ერთმანეთი ქართლელმა და კახელმა თავადებმა. მერე ის იყო, რუსეთის საექსპედიციო ჯარის უფროსმა გენერალმა, თუ არ ვცდები, ლაზარევმა, ურჩია ქართველებს: რად ხოცავთ ერთმანეთს, სთხოვეთ ერთმორწმუნე რუსეთის მეფეს და იქნებ დაითანხმოთ საქართველოს მეფობაზეცო. ეს რა კარგი რამე გვირჩიეო, – გაუხარდათ ქართველებს და მყისვე აფრინეს თხოვნის წერილი პეტერბურგში. თხოვნას ერთსულოვნად აწერდნენ ხელს როგორც ქართლელები, ისე კახელები.

ისიც ცნობილია, რომ რუსეთის მეფე მაშინვე როდი დაეთანხმა ამ თხოვნას (ყასიდად, ალბათ!): ჩვენ ისედაც ამხელა იმპერია გვყავს საპატრონო და სად შეგვიძლია, კიდევ სხვა სახელმწიფოც შევიერთოთო, მაგრამ ქართველები არ მოეშვნენ – გვიშველეთ, შენი ჭირიმეო. „დაიყოლიეს“ ბოლოს: ჯანდაბას თქვენი თავიო, – უთქვამს რუსის ხელმწიფეს და შეერთების აქტზე ხელი მოუწერია.

აი, ასე დაგვიპყრო რუსეთმა.

ახლა ის ვნახოთ, როგორი საქართველო ჩამოყალიბდა რუსეთის იმპერიის (შემდეგ კი საბჭოთა კავშირის) შემადგენლობაში.

XIX საუკუნეში დასავლეთ საქართველოს თავადაზნაურობა აუმბოხდა რუსეთის ხელისუფლებას იმ მოთხოვნით, რომ პრივილეგიების მიხედვით ჩვენც რუს თავადაზნაურობას გაგვიტოლეთო. კარგიო, – უთხრეს, – შეადგინეთ პეტიცია და თავადაზნაურებმა მოაწერონ მას ხელიო. შეადგინეს პეტიცია და ქართველ თავადაზნაურთა ათმა პროცენტმა (!) მოახერხა ხელმოწერა, ოთხმოცდაათმა (!) პროცენტმა ჯვრის დასმა შეძლო მხოლოდ.

რუსეთთან შეერთებამდე საქართველოში არცერთი საერო სკოლა არ არსებობდა. 1802 წელს გაიხსნა პირველი „სახალხო სასწავლებელი“ თბილისში, 1804 წელს – „თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი“, 1817-1820 წლებში სასულიერო სემინარიები გაიხსნა თბილისში, გორში, სიღნაღში, ქუთაისში, მარტვილში. 1830 წელს დაარსდა სამაზრო სასწავლებლები თბილისში, ქუთაისში, გორში, სიღნაღში, მარტვილში, დუშეთში, ახალციხეში. უკვე 1830 წელს საქართველოში იყო 90 სკოლა. შემდგომში სკოლების ქსელი ინტენსიურად ფართოვდებოდა. ამავე დროს იზრდებოდა კერძო სასწავლებელთა ქსელი; 1835 წელს მათი რიცხვი 72-მდე გაიზარდა. იქმნებოდა პროფესიული სკოლები და გიმნაზიები. უკვე XIX საუკუნის ბოლოს საქართველოში 21 გიმნაზიის ტიპის საშუალო სკოლა ფუნქციონირებდა. დაწყებითი სკოლების ქსელზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს.

სახელმწიფო სკოლების პარალელურად „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ ათობით სკოლა გახსნა ოფიციალური ხელისუფლების ხელშეწყობით. უკვე XIX საუკუნის შუახანებში ოფიციალურ სახელისუფლო გაზეთებთან ერთად არსებობდა საზოგადოებრივი ჟურნალ-გაზეთები: ლიტერატურული, საზოგადოებრივ-პუბლიცისტური, საყმაწვილო გამოცემები. თბილისსა და ქვეყნის მნიშვნელოვან ცენტრებში გაიხსნა თეატრები და ა. შ.

სკოლისა და სწრაფად განვითარებადი ლიტერატურის მეოხებით ინტენსიურად ყალიბდებოდა ქართული ეროვნული ცნობიერება და თვითმყოფადობის შეგნება. ეროვნულ-საზოგადოებრივ ასპარეზზე წარმატებით მოღვაწეობდნენ რუსეთში განათლებამიღებული დიდი ქართველი მოღვაწენი, რომლებიც საფუძველს უყრიდნენ ერთიანი საქართველოს ახალ კულტურასა და განათლებას.

საქართველომ დაისვენა ომებისაგან და ფიზიკურად გადარჩა!

საბჭოთა პერიოდში როგორ განვითარდა საქართველოს კულტურა და ეკონომიკა, მეცნიერება და სპორტი, ამაზე ლაპარაკიც კი უხერხულია წიგნიერ საზოგადოებაში, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა: ქართული საენათმეცნიერო, საისტორიო, მათემატიკური, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური, ფილოსოფიური სკოლები, ქართული თეატრი, ქართული კინო, ქართული ფეხბურთი, მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ აღიარა და ანგარიშგასაწევ ფენომენად მიიჩნია.

ახლა, პატიოსანმა კაცმა გულზე ხელი დაიდოს და ღვთის წინაშე დაიფიცოს, რომ ეს ყველაფერი რუსეთის დახმარების გარეშე შესაძლებელი იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ოქტომბრის რევოლუციას თან ბევრი უბედურება მოჰყვა, როგორც, საერთოდ, მოსდევს ხოლმე რევოლუციებს, – საფრანგეთის დიდი რევოლუცია იქნება ეს თუ ინგლისის ბურჟუაზიული, – მაგრამ ეს უბედურებანი პირველ ყოვლისა და ყველაზე სასტიკად რუსეთს დაატყდა თავს (სადაც სამართალია, ისიც უნდა ითქვას, რომ ოქტომბრის რევოლუციის ლიდერთა შორის, თითებზე ჩამოსათვლელი იყო რუსი!): არისტოკრატია, რომელიც ელიტური რუსული ინტელიგენციის უდიდეს ნაწილს წარმოადგენდა, გაჟლიტეს ან ემიგრაციაში გააქციეს. ბრწყინვალე რუსული ინტელიგენცია ჩაანაცვლეს წერა-კითხვის უცოდინარმა რუსმა პროლეტარებმა და წერა-კითხვის კარგად მცოდნე უცხოტომელმა ავანტიურისტებმა, რომლებიც მსოფლიო რევოლუციის ბოდვითი იდეებით ტვინს უბნელებდნენ „მშიერმუცელა მონებს“.

რომ არა სტალინის ფენომენი, სიონისტურ-მასონური ბანდა, ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ რუსეთის უზარმაზარი იმპერია რომ ჩაიგდო ხელში, მთელ მსოფლიოს თუ არა, ჩვენ კი უსათუოდ გადაგვიყოლებდა ისტორიის უფსკრულში. აქაც რუსეთმა და მისმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ძირითადი დარტყმა და თავისი სისხლითა და ხორცით ამოყორა ურჩხული. იმ რევოლუციურ ჯოჯოხეთში რუსი ხალხი ენდო და ბოლომდე გაჰყვა სტალინს, ენდო და გლობალისტ-მასონურ წარღვნას გადარჩა თვითონ და გადაარჩინა რუსეთის იმპერიაში შემავალი ხალხები, მათ შორის, ჩვენც.

მერე იყო და მიხაკისფერი ურჩხული დაემუქრა კაცობრიობას გერმანული ფაშიზმის სახით. მან ლავასავით გადაუარა მთელ ევროპას და კავკასიონის მისადგომებთან მოიტეხა კისერი. კი, ქართველებსაც დიდი წვლილი მიუძღოდათ ამ საქმეში (ბოლოს და ბოლოს, უმაღლესი მთავარსარდალი ხომ ქართველი იყო!), მაგრამ რუსი ხალხის გარეშე ჩვენ ვიყავით ჰიტლერის ურდოების შემჩერებელი? ახლა უმადურები რომ გაიძახიან (ღმერთმა შეუნდოთ!) – 700 ათასი ქართველი სხვის ომში იბრძოდაო, ერთი მინდა, ვკითხო მათ, ჰიტლერი საქართველოში ფოჩიანი კანფეტების დასარიგებლად მოდიოდა? თქვენი თავის ხეთქვამ, სულ მაგ აზრზე იყვნენ ჰებელსი და ჰიმლერი!

უმადურობამ საყოველთაო ქართული ცნობიერება მოიცვა .. ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში (80-90-იანი წლები), ხოლო აპოგეას ჩვენს დღეებში მიაღწია. ახლა ეს, თუმცა, გასაკვირი არ არის, მაგრამ ვისაც ზნეობრივი სიფხიზლე არ დაუკარგავს, ისტორიული მეხსიერების წინააღმდეგ ამ უზნეო ბრძოლას წინ უნდა აღუდგეს. ასე თუ არ ვქენით, მოზარდი თაობები მახინჯი ეროვნული ცნობიერებით აღიზრდებიან და ისე აღმოვჩნდებით ნიანგის ხახაში, აზრზე მოსვლასაც ვერ მოვასწრებთ.

დიდი დაკვირება არ სჭირდება იმას, რომ დავინახოთ, როგორ ვისჯებით ჩვენი უმადურობის გამო. პირველი და ყველაზე თვალსაჩინო სასჯელი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება და მისი ცინიკური სიტყვიერი თუ საქმიანი ურთიერთობაა ხალხთან. მეორე სასჯელი ის არის, რომ ჩვენს მიწა-წყალს, რომელსაც ჩვენი წინაპრები სისხლითა და ოფლით იცავდნენ სამი ათასი წლის განმავლობაში, უცხოელები ეპატრონებიან და იმ დამცველთა შთამომავლებს თავიანთ მიწაზე გავლას უშლიან. მესამე და ყველაზე საშინელი სასჯელი კი ქართული ენის ფეხქვეშ გათელვა, დაცინვა და აბუჩად აგდებაა.

ყველას გახსოვთ, როგორი აღშფოთებულები იყვნენ ჩვენიანები 80-90-იან წლებში: რატომ არის აბრებზე წარწერები რუსულად და ქართულად, მარტო ქართულად უნდა ეწეროსო. როგორც კი „გავთავისუფლდით“, მაშინვე ვეტაკეთ და მეტროს ვაგონების კარებზე რუსულად (ქართულთან ერთად!) რომ ეწერა „Не прислоняться“ – ავაფხიკეთ.

ახლა სასტუმრო „ივერიას“ ინგლისურად „Redisson“ რომ დაარქვეს და არსად ქართული წარწერა არ ჭაჭანებს, ვითომც არაფერი!

ასეთი ეროვნული გამოთაყვანება ღვთის სასჯელია, აბა, რა არის!

ვიდრე ჩვენს უმადურობას არ მოვინანიებთ, ვიდრე ისტორიულ სიმართლეს გულწრფელად არ ვაღიარებთ, ღმერთი არ შეგვიწყალებს ქართველობას. უმადური კაცი და ერი არც ღმერთს სჭირდება და არც კაცობრიობას.

ზურაბ ცუცქირიძე

 

„საქართველოს რესპუბლიკა“