პუბლიკაციები
კავკასიის სახლის იდეა თუ’’ვარსკვლავბიჭუნა.’’ მიშას მორიგი ზღაპარი

 გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა თუ რამით იყო მნიშვნელოვანი, უპირველესად, საკუთარი „წარმატებების“ გასაპიარებლად დამსწრე საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრით. სხვა შეფასების მიცემა უხერხულია, როდესაც დამშეული, გაღატაკებული, გამათხოვრებული ქვეყნის პრეზიდენტი თავდაჯერებულად ყოყოჩობს ეკონომიკურ წარმატებებზე, კორუფციის დამარცხებაზე და რაც მთავარია სიღარიბის დაძლევაზე. საქართველოს საზოგადოება დიდი ხანია მიეჩვია პრეზიდენტის ტყუილებს და ნაკლებ ყურადღებას აქცევს მათ, მაგრამ რაც შეეხება გაეროს 190–ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენელს, რომელთა უდიდესი უმრავლესობისათვის ქართული „ჯორჯია“, ამერიკულ ჯორჯიად აღიქმება, სააკაშვილის ზღაპრები რეალურის ამსახველია და აქედან გამომდინარე შურის აღმძვრელიც ვარსკვლავბიჭუნას მიმართ.

მათთვის ერთი რამ გაუგებარია – რატომ უნდა იცრუო ქვეყნის კეთილდღეობაზე, თუ ამას სინამდვილეში არ აქვს ადგილი. პირიქით, ისინი იმ პრობლემებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელთა გადაჭრაში სხვა ქვეყნების მიზიდვას მიიჩნევენ მიზანშეწონილად.

საკუთარი თავის ქების გარდა პრეზიდენტის გამოსვლაში ისეთი მომენტიც იყო, რომ ღირს მასზე ყურადღების შეჩერება, რამეთუ ე.წ. „ინტეგრაციის“ თემა ხან კავკასიის კონფედერაციის შექმნაში გამოიხატა, ხან კავკასიური სახლის დაარსებაში. ორივეს ავტორი სააკაშვილია. როგორც ჩანს „ხოხვისათვის დაბადებული ვერ გაფრინდება“. ასეთ დროს „გაფრენა“ მხოლოდ მენტალურად არის შესაძლებელი და ისიც მოხერხებულად იყენებს ამ მეთოდს, რათა სხვებმაც „გააფრინონ“. სხვას ვერაფერს იტყვი ქვეყნის ლიდერზე, რომლის სამწყემსო 20 წელია დამოუკიდებელია და ნაცვლად იმისა, რომ განავითაროს ერის მიერ საუკუნეთა განმავლობაში ნანატრი დამოუკიდებლობა, ფეხზე დააყენოს ქვეყანა, ისევ რაღაც კავშირში შეტენას უპირებს მას – ხან თურქეთ–აზერბაიჯანთან კონფედერაციაში, ხან დიდ კავკასიურ სახლში.

დამოუკიდებლობის 20 წლის თავზე, არა მარტო სააკაშვილის, არამედ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის თავშიც მწიფდება იდეა სხვასთან ყოფნისა, რაც თავისთავად საკუთარი უსუსურობის გამოვლინება უფროა, ვიდრე ეკონომიკური მოსაზრებით გამოწვეული პრაგმატიზმი. პოლიტიკოსი მენტალურად ჯანსაღი ვერ უნდა იყოს, რომ გამოვიდეს გაცილებით ძლერი კავშირიდან – დსთ–დან და შევიდეს სეპარატიზმით გაჟღენთილთა კავშირში – კავკასიის სახლად რომ მოიაზრება.

ერთიანი კავკასიური სახლის იდეა არახალია. ყოფილ პრეზიდენტებს გამსახურდიას და შევარდნაძეს აწუხებდათ რაღაც აბსტრაქტული კავკასიური ერთობა. გარკვეულ მიზეზთა გამო, პირველს არ დასცალდა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, მეორემ თითქოს სერიოზულადაც განიხილა თემა, დავალებებიც მისცა ხელქვეითებს, ეს იყო და ეს. ორივე მათგანის მოსაზრებაში უფრო სხვა რამ გამოსჭვიოდა – ერთიანი კავკასიური სახლი რუსეთის საპირწონედ, უფრო ზუსტად საწინააღმდეგოდ. ანალოგიური ოცნებითაა შეპყრობილი მესამეც. მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ისევე, როგორც წინამორბედებს. მათი მოსაზრება ხომ საქართველოს ფარგლებს არ გასცილებია. ამან კი „გენიალური“ იდეა მსოფლიო სამსჯავროზე გამოიტანა – საკუთარ ხალხთან და რაც მთავარია მომავალ პარტნიორ ქვეყნებთან შეუთანხმებლად.

სააკაშვილისეული კავკასიური სახლის პერსპექტიულ მობინადრეებს, ვეჭვობ კომფორტულად მოეჩვენოთ ერთ ბინაში ცხოვრება. ყველა მათგანს საკუთარი ჭერი აქვს თავზე. მათთვის ერთ ჭერქვეშ ყოფნა ძველის დაბრუნების მომასწავებელი იქნება. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს, ისინი დიდ ოჯახში ცხოვრობენ და თუ დამოუკიდებლობის რაღაც სურვილი გააჩნიათ, თავს არ შეჰყოფენ ახალ კავშირში. ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ვითარება, პირიქით, ერთმანეთისგან დაშორების და არა ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრების მომასწავლებელია. სხვაა ეკონომიკური კავშირები ან კულტურული ურთიერთობები, რასაც ისედაც აქვს ადგილი.

თვალი შევავლოთ ჩრდილო კავკასიელთა საქართველოსთან ისტორიულ ურთიერთობებს. აქ ტკივილი აჭარბებს სიამოვნებას. საქართველოს რუსეთთან ჩახუტების სტიმული არა მარტო ირან–ოსმალეთით იყო გამოწვეული, არამედ ჩრდილო კავკასიელთა შემოსევებითაც. დავუშვათ, ამგვარ რამეს ადგილი აღარ ექნება, თუმცა სხვა კუთხით, სხვა კონტექსტში არაფერია გამორიცხული. განა იოლად მოხდება ჩრდილოელთა ადათ–წესებთან, რელიგიურ მრწამსთან, ყოფა–ცხოვრების ელემენტებთან ჩვენთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესის ჰარმონიზაცია? აღარა ვართ ქართველები ევროპელები? (ზ.ჟვანიას გამოთქმიდან: – „მე ქართველი ვარ ანუ ევროპელი ვარ“).

კავკასიურ ცეკვებში საერთო ილეთების არსებობა ან გარეგნული იერ–სახე სულაც არ ნიშნავს ისტორიულ ნათესაობას. ნიშანი, რომელიც გვაახლოებს, გაცილებით მცირეა ნიშანთან, რომელიც გვაშორებს. იმიერ და ამიერ კავკასიას შორის საგრძნობი მსოფმხედველობითი სხვაობაა, რომელთა დაძლევა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, შეუძლებელია.

რაც შეეხება ამიერკავკასიას – აქ არსებული პრობლემები ლამის მსოფლიოს ლიდერთა ყოველი სამიტის განხილვის საგნად იქცეს. მიუხედავად მათი ძალისხმევისა, პრობლემები არ გვარდება. ასეთ ვითარებაში ძნელად წარმოსადგენია საქართველო–სომხეთ–აზერბაიჯანის შეხმატკბილებული ცხოვრება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იდეის ავტორის ფანტაზია არა მეცნიერულ, არამედ ფსიქიატრულ შესწავლას მოითხოვს. თუმცა ეს ერთის შეხედვით. მიშიკოს მშვიდობის მტრედობის უკან შორსმიმავალი ამერიკული პროექტი იმალება. მისი მიზანი კავკასიიდან რუსეთის განდევნაა. მიზნის მიღწევა ძნელად განხორციელებადია, თუ არა შეუძლებელი. არის ერთი გზა – თვით რუსეთმა თქვას უარი კავკასიაზე, რაც ასევე არარეალურია, განსაკუთრებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზების შექმნის შემდეგ. რუსეთი ამიერკავკასიის მთავარ მოთამაშედ თვლის თავს და შეეცდება ასეთად დარჩეს. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას – იქ რუსეთი არათუ მოთამაშეა, არამედ მეპატრონე. დათმობს რუსეთი ქართულ–თურქულ–აზერბაიჯანული გეგმით (კონფედერაცია) ან კავკასიური საერთო სახლის შექმნით პოზიციებს?

პეტრე პირველიდან დაწყებული რუსეთმა მილიონობით რუსის სისხლი და ოფლი ღვარა ამ რეგიონში შემოსაღწევად. რუსეთის ხელისუფლებმა იციან, რომ კავკასიიდან გასვლას საკუთარი ხალხი არ აპატიებს. იცის თუ არა ეს აშშ–მ, რეგიონში შემოსულმა ახალმა მოთამაშემ? ცხადია იცის, მაგრამ „დედოფალი პწკენა–პწკენაში დაორსულდა–ს“ პოლიტიკას მისდევს. დღეს თუ არა ხვალ, ფიქრობს ის, – და თბილისში ქმნის ანტირუსულ რადიოს – ჩრდილო კავკასიელთა გამოსაღვიძებლად ანუ რუსეთში ძირგამომთხრელი მუშაობის წარსამართვად. ამ საქმეში მას რუსეთისადმი ანტაგონიზმით გაჟღენთილი სააკაშვილი ეხმარება. სააკაშვილი ამერიკელთა ხელის ბიჭის როლს ასრულებს და ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოც.

ყველა სახლს ჰყავს „უფროსი“. უნიკალური ევროკავშირიც რომ ევროკავშირია, მიუხედავად დეკლარირებული თანაფარდობისა, რეალურ უფროს–უმცროსობას ანგარიშს უწევს. სხვაგვარად წარმოუდგენელია, ვინაიდან ეკონომიკური ლოკომოტივობა თავისთავად პოლიტიკური გადაწყვეტილებების სტიმულატორია. ეკონომიკური ლოკომოტივის როლს გერმანია ასრულებს, მასთან ერთად ინგლისი, საფრანგეთი და ა.შ. საინტერესოა ვის მოიაზრებს ინფანტილური მიშიკო კავკასიური სახლის მამასახლისად? საქართველოს ხომ, გარდა ამბიციებისა, არაფერი აბადია?! ის, რომ: „საქართველოს და ქართველ ერს დიდი მისია აკისრია და ქართველმა ერმა ზნედაცემული მსოფლიო ხელახლა უნდა გააკეთილშობილოს და რომ ეს მოსაზრება ჰეგელს ეკუთვნის“ (ე. ჯაველიძე), სრულიად არ იძლევა ახალ სახლში „ნაჩალნიკობის“ შესაძლებლობას. ლიდერობის შანსს მხოლოდ სტაბილური პოლიტიკური სტრუქტურა, ეკონომიკური სიძლიერე, გონივრული სოციალური სისტემა, დემოკრატიული საზოგადოება იძლევა და არა თვითრეკლამა – ღმერთის წილხვედრი ქვეყნის ან მსოფლიოს გადამრჩენის შესახებ. მიშიკოს დაავიწყდა, რომ საქართველომ ობიექტური მიზეზების გამო დაკარგა ამიერკავკასიის ლიდერის ფუნქცია. დღეს ლიდერი აზერბაიჯანია – ამერიკა–რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობით, ეკონომიკური აღმასვლით გამორჩეული.

კავკასიურ სახლში უეჭველად ექნებათ თავიანთი ამბიციები თურქეთსა და ირანს. ორივეს, განსაკუთრებით თურქეთს, სურვილი აქვს არეგულიროს მიმდინარე პროცესები – ენერგეტიკიდან დაწყებული პოლიტიკით დამთავრებული. თურქეთის ინტერესი სისხლით მონათესავე აზერბაიჯანის და შუა აზიის ქვეყნების მიმართ გაცხოველებულია, რაც თავისთავად მიანიშნებს კავკასიურ სახლში მის ლიდერობაზე. არც ირანის როლის დაკნინებაა შესაძლებელი. ისტორიულად მას თურქეთზე მეტი პრეტენზია უნდა ჰქონდეს. გასული საუკუნის ბოლოს და ახლის დასაწყისში კავკასიის მიმართ მისი პასიური დამოუკიდებლობა აქტიურით იცვლება. გააქტიურებას აქვს ადგილი საქართველოს მიმართაც, რასაც უდავოდ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება. უნდა ვიმედოვნოთ, რომ ოფიციალური თეირანის მიერ ინიცირებული საკითხი ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებაში გადაიზრდება.

ქართულ საზოგადოებაში ირანისადმი დამოკიდებულება ჯერაც არ არის ჩამოყალიბებული. ისევ არსებობს ირანის მიმართ მალული შიში, რაც უპირველესად ამერიკული პროპაგანდის შედეგია. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი და ექსპერტი ირანს ამერიკა–ევროპასთან დაახლოების გზაზე გადაულახავ ბარიერად მიიჩნევს. ამას წინათ პოლიტოლოგი გ. ხუციშვილი წერდა: „სარისკო ნაბიჯი იყო, როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ჩახუტებას ვაპირებთ ირანთან, რამაც საშინელი პანიკა გამოიწვია ევროპაში. ეს ზუსტად ვიცი, ევროპელი დიპლომატები პირდაპირ გვეკითხებოდნენ – რას აპირებთ ნარკოტრეფიკი თქვენი გავლით გავიდეს? ამის საშიშროება რეალურად არსებობს, უვიზო რეჟიმსაც თუ გავითვალისწინებთ“. ერთი რამ უნდა ითქვას, ქართული პრესის მიხედვით, თუ ვინმეა ჩართული ნარკოტრეფიკში ეს აშშ–ი და საქართველოს ხელისუფლებაა. რაც შეეხება ირანს – ამ ქვეყანაში ნარკოტრეფიკერი ან ნარკომომხმარებელი უსასტიკესად ისჯება. მაგრამ აქ სხვაშია საქმე – ირანისათვის კავკასიის კარის ჩაკეტვა. რამდენად შესაძლებელია ეს მაშინ, როდესაც ირანს მჭიდრო კავშირები აქვს სომხეთ–აზერბაიჯანთან?

კავკასიური სახლის იდეის მიხედვით, მასში არც რუსეთი და არც ირანი არ უნდა მოიაზრებოდეს. იდეის „გამჟღერებელი“ მიშიკოა, ავტორი კი – სხვა. მისი მიხედვით, კავკასიური ერთობა უდავოდ მოითხოვს მთავარი მარეგულირებელის ხელს. ასეთად კი თავი აშშ–ს წარმოუდგენია. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ინფანტილური მიშიკოს გაეროს სიტყვა მისი ამერიკელი მრჩევლების ნახელავია, უმალ მივალთ იდეის ავტორთან. ამ ავტორმა რამდენიმე წლის წინათ დსთ–ს საპირწონედ სუამი გამოიგონა (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა), თუმცა იუშჩენკოს მარცხის შემდეგ მან რუსეთის მეტოქის ფუნქცია დაკარგა. ახალი იდეა, უფრო სწორად ძველის რეანიმაცია, იდეის დონეზეც კი საფრთხის მომტანია, ვიდრე მშვიდობის, მაგრამ რა გაეწყობა, გამჩენი არ ასვენებს არც აშშ–ს და არც მის კრეატურას – მიშიკოს.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი, სპეციალურად საქინფორმისთვის