შესაძლოა, მოხდეს ივანიშვილის ქონების „ნაციონალიზაცია!“
თბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილის აუქციონზე გატანილი ქონება, მსურველის არარსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, სახელმწიფოს ნატურის სახით გადაეცეს. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტმა ლიკა წიკლაურმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ პირველ აუქციონზე „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს ბანკის“ აქციების მყიდველი არ გამოვლინდა, შესაძლოა, განმეორებითი აუქციონი დაინიშნოს ან გამოიცეს განკარგულება, რომლითაც ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.
„განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი 0 ლარით განისაზღვრება. როდესაც აუქციონი სახელმწიფოს სასარგებლოდ ხორციელდება, თუ პირველსავე აუქციონზე ქონების რეალიზაცია არ მოხდება, შეიძლება გამოიცეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა. თუ ასეთი განკარგულება არ გამოიცემა, განმეორებითი აუქციონი დაინიშნება“, – აღნიშნა წიკლაურმა.