აქტუალური
რომპეიმ თბილისში ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის გზები განიხილა

1-romperi-aqtualuri-1თბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ  საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო რეგიონში სხვა ქვეყნებისათვის მაგალითია.

მისი თქმით, ეს არის მისი პირველი ვიზიტი საქართველოში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის რანგში. რომპეის განცხადებით, საქართველომ თავისი მოდერნიზაციისა და რეფორმების გზაზე პროგრესს მიაღწია, აშენებულია ახალი სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყანაში ყველაფერი კეთდება ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შესაქმნელად.

„ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობა ძალიან სწრაფად ვითარდება. პროგრესია თავისუფალი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობის მნიშვნელოვანი ნაწილია ასოცირების შეთანხმებაც“, – აღნიშნა ჰერმან ვან რომპეიმ.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტი რეფორმა განხორციელდება საქართველოში, მით უფრო მეტი მხარდაჭერა შეუძლია გაუწიოს ევროკავშირმა საქართველოს. რომპეიმ აღნიშნა, რომ საქართველომ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას მოდერნიზაციის კუთხით. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება ოქტომბრის საპარლამენტო და შემდგომში საპრეზიდენტო არჩევნები.

„სამართლიანი არჩევნები ლეგიტიმური შედეგების ფუნდამენტური პრინციპია“, – დასძინა რომპეიმ. მისივე თქმით, ევროკავშირი მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, რომ არჩევნები იყოს გახსნილი და მასში ბევრმა დამკვირვებელმა მიიღოს მონაწილეობა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთპარტნიორობის კუთხით საქართველო საკმაოდ წარმატებულად მუშაობს და წინა პლანზეა აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყნებს შორის. რომპეის განცხადებით, ევროკავშირს აქვს ძლიერი ინტერესი, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტები მოგვარდეს.

„ვიქნებით ჩართული ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. კონფლიქტების ორივე მხარე უნდა შეთანხმდეს ძალის გამოუყენებლობაზე. შემდგომი პრაგმატული ნაბიჯებია საჭირო კონფლიქტების მოგვარებისათვის“, – განაცხადა ჰერმან ვან რომპეიმ და დასძინა, რომ ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარების კურსთან დაკავშირებით.

მანამდე ევროპის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდა. მათი საუბრის ძირითადი თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, მიმდინარე რეფორმები და ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები იყო.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, რისი დასტურიცაა მიმდინარე მოლაპარაკებები.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო აღმოსავლეთპარტნიორობის ფორმატის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და ორივე მხრიდან აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნების წარმატებით ჩატარება. სტუმარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ პროცესში საქართველოს ყველანაირად დაეხმარება.