აქტუალური
სააღმსრულებლო ბიურო სააპელაციო სასამართლოდან შეტყობინების მოლოდინშია

1-isp-buroთბილისი, 5 ივლისი, საქინფორმი. აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააპელაციო სასამართლოდან „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით სააღსრულებო ფურცელი ჯერ არ მიუღია.

როგორც სააღსრულებო ბიუროში განაცხადეს, აღსრულების ბიურო საქმეში სასამართლოდან სააღსრულებო ფურცლის მიღების შემდეგ ჩაერთვება.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს 2 383 097-ლარიანი ჯარიმის გადახდის ვადა გუშინ ამოეწურათ. „ქართული ოცნების“ ადვოკატ სანდრო ბარამიძის განცხადებით, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, იწყება იძულებითი აღსრულება, რაც, სავარაუდოდ, პარტიების ანგარიშების დაყადაღებას გულისხმობს.

სასამართლომ პარტიები კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე დააჯარიმა.

შეგახსენებთ: კონტროლის პალატის ბრალდებით, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476 614,51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლებითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები – საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები: „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატიული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.